მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი ჩეხერია ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტად დაინიშნა

60ad299990df1
თამთა ჯიჯავაძე
25.05.21 20:42
5055
ამერიკული კომპანია Zeze Hospitality-ის მთავარი კონსულტანტი და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Young Global Leaders-ის წევრი ვალერი ჩეხერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა. ვალერი ჩეხერია სამინისტროში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მიმართულებით იმუშავებს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ვალერი ჩეხერია ევროპასა და ამერიკაში ახალი ტურიზმის, პოსტპანდემიური ტურიზმისა და ახალი სასტუმროების განვითარების მიმართულებით მუშაობს.

„პანდემიის მთავარი ფაზის გავლის შემდეგ, ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, სიამოვნებით დავთანხმდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეთავაზებას, რომ საქართველოში ახალი გამოწვევების გამკლავებასა და ტურიზმის ახალი სტრატეგიის შექმნაზე მემუშავა. იქნება ძალიან ბევრი სიახლე, თუმცა ამავდროულად ბევრი სამუშაოც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველო როგორც პანდემიამდე იყო მსოფლიო რუკაზე ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა სამოგზაუროდ, პანდემიის შემდეგაც ჩვენს ქვეყნაში მოგზაურობაზე ისევ ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში დავინახავთ ამის შედეგებს“, - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

სხვადასხვა დროს ვალერი ჩეხერია იყო „აჭარა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, სასტუმრო Rooms Hotels-ისა და „ჰოლიდეი ინ თბილისის“, ასევე „ფაბრიკა ჰოსტელის“ და კომპანია City Loft-ის გენერალური დირექტორი. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში ვალერი ჩეხერია იყო კონსულტანტი კოლუმბიის უნივერსიტეტში, კონსულტანტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, UN Global Compact Network Georgia-ს გამგეობის თავმჯდომარე, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროში მინისტრის ადმინისტრაციის უფროსად.

დღემდე ვალერი ჩეხერია არის McLain Association for Children-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და Children Hospice-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. ის ასევე, კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი და Limitless Hospitality-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.

ვალერი ჩეხერიას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა სკოლის საჯარო მაგისტრის ხარისხი.