მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი გელაშვილის კომპანია სურამში საინვესტიციო პროექტს განახორციელებს

606004d04f471
მარიამ იზორია
28.03.21 18:11
4203
ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრის, ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტი“ სურამში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ BM.ge-სთან თავად ვალერი გელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კომპლექსი 22 305 კვადრატზე იქნება გაშენებული და 22 კოტეჯს, სასტუმროს 75 ნომერს, რესტორანს, აუზს, საკონფერენციო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცესა და სამედიცინო კაბინეტებს გააერთიანებს.

„ეს ადგილი არ არის დიდად ტურიზმზე გათვლილი, აქცენტს ადგილობრივებზე ვაკეთებთ. კომპლექსის მთავარი ღირებულება ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი სამედიცინო კაბინეტები იქნება, რადგან მათთვის პერიოდულად მშრალი ჰავაა საჭირო, ამიტომ, შეირჩა სურამი კომპლექსის მშენებლობისთვის“- აღნიშნა ბიზნესმენმა.

გელაშვილი პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მშენებლობას მისი კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტი“ გაუძღვება და არ არის გამორიცხული პროექტში სახეელმწიფოს მონაწილეობაც.

„ჩემი კომპანიის აშენებულია ქარვასლა, საბურთალო პალასი, ორთაჭალის ტურფა, პროკრედიტ ბანკის ცენტრალური ოფისი, ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება გვაქვს. პროექტს საკუთარი ხარჯებით ვიწყებთ, საჭიროების შემთხვევაში ქართველ პარტნიორებთანაც ვითანამშრომლებთ. შესაძლოა, პროგრამა სახელმწიფომაც დააფინანსოს, ვინაიდან კომპლექსი მეტწილად სამკურანლოა და როგორც აღვნიშნე, ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის იქნება გათვლილი“ - ამბობს ვალერი გელაშვილი.

ბიზნესმენის თქმით, მშენებლობის დაწყების ზუსტი დრო უცნობია, თუმცა არქიტექტორებმა ლოკაცია უკვე მოინახულეს. დასრულებულია განაშენიანების გეგმა, პროექტირებას კი ნახევარი წელი დასჭირდება, მანამდე კი მიწის სამუშაოები დაიწყება.

კომპლექსი სამომავლოდ 100-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.