მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალის მართვის სტრატეგია დაახლოებით ორ თვეში განახლდება - ლაშა ხუციშვილი

60e070402d6a4
თელარა გელანტია
03.07.21 21:20
697
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვალის მართვის განახლებული სტრატეგია, დაახლოებით, ორ თვეში იქნება მზად.

ამის შესახებ მინისტრმა #ForbesTalks-თან ინტერვიუში განაცხადა.



აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში შენიშვნები ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც. „საყურადღებოა, რომ ვალის წესის ორგანული კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარზე გადაჭარბების მიუხედავად, ამ დრომდე არ განახლებულა მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია, რომელიც ვალის მდგრადობის უზრუნველყოფისა და კანონმდებლობით დადგენილი ნიშნულის ფარგლებში ვალის წესის მაჩვენებლის დაბრუნების ძირითადი ხედვის დოკუმენტს წარმოადგენს“, - ეწერა აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგარეო ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება იქნება.

„ვფიქრობ, 10-წლიან პერიოდში, შესაძლებელია, ვალის დონე დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, სადაც იყო პანდემიამდე - 40%-დან 42%-ის ფარგლებში. ეს სავსებით შესაძლებელია ეკონომიკის ზრდის იმ ტემპით, რა ტემპითაც ვარაუდია, რომ ეკონომიკა უნდა განვითარდეს“, - აცხადებს მინისტრი.

ცნობისთვის: 2020 წლის ბოლოს სამთავრობო ვალი მშპ-თან მიმართებით 60%-იან კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. ხელისუფლების ვარაუდით, წელს ეს ნიშნული 57%-მდე შემცირდება.