მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალუტის გაუფასურების გამო პროდუქციაზე ფასები 5%-7%-ით გაიზარდა - NOVA-ს გენდირექტორი

5f1c7d64149c3
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.20 18:15
1085
„იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა გამყარებას აგვისტოშიც განაგრძობს, პანდემიის დროს მიღებული ნეგატიური გავლენა დაბალანსდება“, - განუცხადა BM.GE-ის კომპანია „ნოვას“ გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა.

მისი თქმით, მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებამ კომპანიაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

„როგორც საბანკო ვალდებულებები, ასევე, ვალდებულებები მომწოდებლებთან, ძირითადად დოლარში გვაქვს, ამიტომ მარტ-აპრილში ლარის გაუფასურება ჩვენზე ნეგატიურად აისახა. შემდგომ პერიოდში კი, დადებითი კურსთაშორისი სხვაობა წამოვიდა, რადგან ლარმა გამყარება დაიწყო. ამ ტენდენციით აგვისტოს ბოლოსაც თუ კიდევ დაიწევს კურსი, შესაძლებელი იქნება იმ უარყოფითი გავლენის დაფარვა, რაც მარტში გვქონდა, თუმცა მარტის ბოლოს ჩვენს ფინანსურ ანგარიშებზე ეს ძალიან უარყოფითად აისახა“, - განმარტა ედიშერ ხიმშიაშვილმა.

„ნოვას“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებამ გავლენა პროდუქციის ღირებულებაზეც იქონია, თუმცა - არაპირდაპირპროპორციული.

„პროდუქციის ფასების ზრდა არ არის პირდაპირპროპორციული კურსის ცვალებადობასთან ანუ ინფლაცია არ ყოფილა იმ პროცენტული მაჩვენებლით, რამდენადაც გაუფასურდა ვალუტა, თუმცა ფასები მაინც 5%-7%-მდე გაიზარდა“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.