მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის მრჩევლის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა 169,926 ლარი გამოიმუშავა

5dad9c69886c4
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.19 16:00
4442
ირაკლი ღარიბაშვილი 2019 წლის 9 სექტემბრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. საქართველოს მთავრობაში დაბრუნებულ ღარიბაშვილს ახალ თანამდებობაზე საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროება დაევალა. დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი გასული წლის განმავლობაში ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის კომპანია “ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად მუშაობდა, სადაც მისი წლიური ხელფასი 169,926 ლარს შეადგენდა.

“ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი" 2018 წლის 12 თებერვალს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც ქართულ-ჩინური მენეჯმენტი მართავს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავჯდომარე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. კომპანია ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მართავს. 

ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე მსხვილი შენაძენი განახორციელა. მათ შორის 75,620 ევროდ, (დღევანდელ კურსით 250,211 ლარი) ირაკლი ღარიბაშვილმა 2019 წელს გამოშვებული Audi A8 შეიძინა.

2018 წელს კი, 46,000 ევროდ (დღევანდელი კურსით 152,204 ლარი), ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუ თამაზაშვილმა RANGE ROVER VELAR-ი იყიდა.

2019 წელს ნუნუ თამაზაშვილმა 76,500 დოლარად (დღევანდელი კურსით 227,342 ლარად) ბორჯომში შეიძინა 1530 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნუნუ თამაზაშვილს საბანკო ანგარიშები “ქართუ ბანკში” აქვთ გახსნილი.