მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი: IMF-ის პროგრამის სამივე მთავარი მიზნის მიღწევა წარმატებით მოხერხდა

5dc011f247de0
თელარა გელანტია
04.11.19 15:55
1141
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ფონდის მიერ მხარდაჭერილმა მაკროეკონომიკურმა და ფისკალურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკას საშუალება მისცა, რეგიონში განვითარებულ ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობას გამკლავებოდა.

ამის შესახებ ვანო მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ბრიფინგზე განაცხადა, რომლის თემა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეხუთე მიმოხილვის ფარგლებში შეთანხმების მიღწევა იყო.

„თითქმის სამი წელი გავიდა ამ პროგრამის დაწყებიდან და მინდა დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული შედეგი, რაც დადასტურებულია როგორც მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის გაუმჯობესებით, ასევე საკრედიტო რეიტინგებში წინსვლით: პროგრამის დაწყების დღიდან, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა ძირითადი ფისკალური მიზნების განსახორციელებლად და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ჯერ არ დასრულებულა, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, სამივე მთავარი მიზნის მიღწევა წარმატებით მოხერხდა.

1. მიმდინარე ხარჯების კონტროლი - მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 25,9%-დან შემცირდა 23.3%-მდე და კვლავაც განაგრძობს შემცირების ტენდენციას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე მნიშვნელოვნად შევამცირეთ მთავრობის ზომა.
2. კაპიტალური ხარჯების დაჩქარება - შევძელით მნიშვნელოვნად დაგვეჩქარებინა კაპიტალური ხარჯები. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ქვეშეთი-კობის მიმართულებით, პრაქტიკულად, ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ან დაწყებულია ან ტენდერის ბოლო ეტაპზეა. ყველა ეს კაპიტალური ხარჯი სრულად არის გაწერილი ჩვენს ფისკალურ ჩარჩოში და მათზე დაფინანსება სრულად არის მოძიებული საფინანსო ინსტიტუტებიდან;
3. დეფიციტის ნორმალიზაცია - ჩვენი ფისკალური დეფიციტი სტაბილურად მშპ-ის 2.5%-ის ფარგლებშია. ეს არის ნიშნული, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი არის ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს გარანტი.

ფონდის მიერ მხარდაჭერილმა მაკროეკონომიკურმა და ფისკალურმა პოლიტიკამ ჩვენს ეკონომიკას საშუალება მისცა გამკლავებოდა რეგიონში განვითარებულ ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობას. მაშინ როცა რეგიონი 1%-ზე ნაკლები ტემპით იზრდება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო კვლავაც ინარჩუნებს გამოკვეთილი ლიდერის პოზიციას რეგიონში;

2017 წლიდან მოყოლებული, სამივე სარეიტინგო სააგენტომ (Moody’s, Fitch და S&P Global) გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი და ჩვენ უკვე 2 ნაბიჯიღა გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს;

ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მეხუთე მიმოხილვა სავალუტო ფონდთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრდადობისა და სტაბილურობის გარანტიაა.

გარდა მიმოხილვისა, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას სავალუტო ფონდის არსებული პროგრამის ერთი წლით გაგრძელებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პროგრამის ფარგლებში დასახული ყველა მიზანი მიღწეულია, ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია პროგრამის 1 წლით გახანგრძლივება. იგი დამატებითი სიგნალი და გარანტია იქნება, ინვესტორებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის, რათა დავადასტუროთ რომ ჩვენ ვართ და ვრჩებით ერთგული იმ ძირითადი პრინციპების, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს პროგრამას და ბოლოს მადლობას ვუხდი ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს და მთელ მის გუნდს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა მისიის მუშაობის პერიოდში. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო რომ პროგრამის წარმატება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.