მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი მსხვილი საგადასახადო დავალიანების შემთხვევას მავნე პრაქტიკას უწოდებს [VIDEO]

5e04d941b2243
შოთა ტყეშელაშვილი
26.12.19 20:30
976
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადებასთან დაკავშირებით ესაუბრა. მაჭავარიანის თქმით, ტელეკომპანია "პირველის" ანგარიშებზე ინკასოს დადების გადაწყვეტილება მან მიიღო.

ჩემ მიერ აგვისტოში გაკეთებული განცხადება ყველამ იცის; მას შემდეგ ხდება ისე, რომ 1 ოქტომბრის შემდგომ იწყება ვალის დაგროვება თავიდან, მათ შორის „TV პირველის“ მიერ. ერთხელ სექტემბერში მოგვმართა კომპანიამ წერილით, ითხოვა ვალის გადავადება 10 დღით, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და გადავავადეთ; ბოლო წერილი შემოვიდა ნოემბერში და კომპანია ისევ ითხოვს დავალიანების  10 დღით გადავადებას. 1 ოქტომბრიდან გუშინდელ დღემდე ანუ ინკასომდე “TV პირველმა“ გააორმაგა ვალი ანუ კომპანია ერთი-ერთში გადის იმ გზას, რაც „რუსთავი 2“-მა 2016 წელს დაიწყო - „წერილი, დარღვევა, დაგროვება და ა.შ.“ იმის გამო, რომ ძველი და ახალი ვალები გაგვერჩია ერთმანეთისგან, ვთქვით, რომ ახალი ათვლა დავიწყოთ 1 ოქტომბრიდან. ყველა დანარჩენ ვალს დავარქვათ ძველი, გავყინოთ, მობრძანდით ვისაუბროთ. ამის შემდეგ ორმაგდება „TV პირველმა“-ის ვალი 2 თვეში, ამ გაორმაგებულ ვალს ახლავს ორი წერილი გადავადების თხოვნით, რომელიც ირღვევა. ამ ყველაფრის შემდეგ არანაირი წინაპირობა და მოცემულობა არ არსებობდა, რომ ეს ვალი არ გასამმაგდებოდა... ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო დავალიანებების მქონე ტელევიზიებს დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით პირველად 14 აგვისტოს მიმართა, მაშინ მინისტრი ამბობდა, რომ ტელევიზიებს შემხვედრი ნაბიჯების მოსასმენად ორკვირიან ვადას აძლევდა. თუმცა როგორც ცნობილია, ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მთავრობასა და ტელევიზიებს შორის შეთანხმება ამ დრომდე არაა მიღწეული. 

ივანე მაჭავარიანი მსხვილი საგადასახადო დავალიანების შემთხვევას მავნე პრაქტიკას უწოდებს და ამბობს, რომ ამ მოცემულობის პრევენციისთვის ფინანსთა სამინისტროს დიდი ხნის წინ უნდა გადაედგა ქმედითი ნაბიჯები. 

"გვქონდა გამოკვეთილი მანკიერი პრაქტიკა ქვეყანაში, როცა ხდებოდა ვალების დაგროვება. ეს არის ბოლო ათწლეულების მოცემულობა. ამ ყველაფერში „მოწინავე“ იყო  „რუსთავი 2“, თუმცა სხვა ტელევიზიებიც არ აკლებდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პატარა ტელევიზიები უკეთესი გადამხდელები იყვნენ. როცა მსხვილმა ტელევიზიებმა რატომღაც ეს მანკიერი პრაქტიკა აიტაცეს, შემდეგ მოხდა არაერთი ჩამოწერა, პოლიტიკური აქტი და ყველაფერი იწყებოდა ახალი ფურცლიდან. შესაბამისად, დაიწყო ვალების დაგროვება თავიდან. ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც მე გავხდი მინისტრი, ვნახე, რომ ამ ტელევიზიებს ჰქონდათ ძალიან დიდი ვალები, თუმცა მესმის, რომ ჩნდება კითხვა - რატომ მაშინვე არ მოხდა რეაგირება? პირველ რიგში, „რუსთავი 2“-მა მცირედით დაიწყო დავალიანების დაგროვება და წერილების გამოგზავნა - გადაგვივადეთ, ახალი გადანაწილება შეგვიდგინეთო.... ხდებოდა ამ წერილების გათვალისწინება და ისევ გროვდებოდა ვალი და ა.შ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით „რუსთავი 2“-ის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 28 მილიონი ლარი, ტელეკომპანია „იმედის“ - 19 მილიონი ლარი, „მაესტროსი“ კი 8 მილიონი ლარია.