მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი: "თავი წამოწია ინფლაციამ, მაგრამ ის დაუბრუნდება მიზნობრივ ნიშნულს"

5dcc129d9c454
თელარა გელანტია
13.11.19 18:25
1375
„ჩვენ ამ ინფლაციურ ზეწოლას გადავაგორებთ საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად და ამის თქმის საშუალებას მაძლევს სებ-ის ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა გადადგა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში გაზრდილ ინფლაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის საფრთხე არ არსებობს.

„თავი წამოწია ინფლაციამ, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, რომ ის დაუბრუნდება მიზნობრივ ნიშნულს“, - აღნიშნა მინისტრმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც მისი შეფასებით, ინფლაცია დაჩქარა.

„ჩვენ გვაქვს ინფლაციური ზეწოლა. ეს ფაქტია და ეს განაპირობა ლარის კურსის გაუფასურებამ. თქვენ იცით, რომ ამ მოვლენებს წინ რა უძღოდა ის კრიზისული მოვლენები, რაც ჩვენ გადავაგორეთ. პირველ რიგში, ესაა ტურისტული ნაკადის შემცირება რუსეთიდან; რასაკვირველია, ამან ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა, მაგრამ ეკონომიკას უფრო დიდი დარტყმა მიაყენა არასტაბილურობის იმ განცდამ, რომელიც, სამწუხაროდ, ამ დარბაზში და პარლამენტის შენობასთან განვითარდა და მე მგონი, აქ პასუხისმგებლობა ჩვენ ერთად უნდა გადავინაწილოთ, რომ სამომავლოდ ასეთი მოვლენები ავირიდოთ თავიდან, რადგან იცით, რომ ზოგადად, ინვესტორები, ბიზნესმენები, პრაგმატული ხალხია, ისინი მტყუან-მართალს არ არჩევენ, ისინი უყურებენ გარემოს და ნებისმიერი ნიშანი არასტაბილურობის, რასაკვირველია, აისახება იმ სენტიმენტებზე, რომელც შემდგომში ან ლარის კურსს ეტყობა ან ეკონომიკურ ზრდასთან კავშირდება და ა.შ. ვფიქრობ, ჩვენ ამ ინფლაციურ ზეწოლას გადავაგორებთ საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად და ამის თქმის საშუალებას მაძლევს სებ-ის ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა გადადგა“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა. 2019 წლისთვის მიზნობრივი ინფლაცია 3%-ითაა განსაზღვრული.