16.სექტემბერი .2019 22:30

ვანო მთვრალაშვილი: „საქართველოში საწვავის ფასის ზრდაზე საუბარი ნაადრევია“

views 288
უკან

“საქართველოში საწვავის ფასის ზრდაზე საუბარი ნაადრევია და ამ ეტაპზე არარელევანტური,” – ამის შესახებ BM.GE-ის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა მსოფლიოში ნავთობის გაძვირების გამო, საქართველოში საწვავის ფასზე შესაძლო გავლენის კომენტირებისას განაცხადა.

კერძოდ, თითქმის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საწვავზე ფასების რეკორდული მატება საუდის არაბეთში ორ უდიდეს ნავთობტერმინალზე ბოქიაქსა და ჰურაისში დრონების თავდასხმის შემდეგ 14 სექტემბერს დაფიქსირდა. ამის შემდეგ კი, იქ ხანძრის ძლიერი კერები წარმოიქმნა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ კი, თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა.

როგორც მთვრალაშვილი განმარტავს, მსოფლიო ბაზარზე ვითარება საკმაოდ რთულია და შესაძლოა ითქვას არაპროგნოზირებადი.

„საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი იზრდება; შესაბამისად, საუდის არაბეთი უახლოეს პერიოდში ნავთობის მოპოვების რა მოცულობით აღდგენას შეძლებს, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ის თუ როგორი ფასები გვექნება გლობალურ ბაზარზე. ნავთობის ის მოცულობები, რომელსაც საუდის არაბეთი ამ ეტაპზე ვერ მოიპოვებს, საკმაოდ დიდია. ვითარება საკმაოდ რთულია და შესაძლოა ითქვას არაპროგნოზირებადი. არავინ იცის, ეს ფასები სადამდე წავა და შესაბამისად ჩვენ მთლიანად ამ პროცესებზე ვართ დამოკიდებულები. ჯერ მხოლოდ ერთი დღეა გასული, რაც ეს პროცესი დაიწყო, ამიტომ საქართველოში საწვავის ფასის ზრდაზე საუბარი, ჯერ ნაადრევია",  - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

ცნობისთვის:ამ დროის მონაცემებით, Brent ტიპის ნავთობის ფასი უკანასკნელი 4 თვის რეკორდულ ნიშნულზეა და მისი ღირებულება ბარელზე 71,95 აშშ დოლარია. რაც შეეხება, მეორე პოპულარული ტიპის ნავთობის ფასს, WTI–ის ტიპის საწვავი 63,34 დოლარად ივაჭრება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა