მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მთვრალაშვილი: წელს ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში ერთადერთი ნათელი მხარე დიზელის საწვავია

5f6d8ce3cd4b0
ლიკა გურაბანიძე
25.09.20 10:31
1312

“მიმდინარე წელს, მთლიანობაში, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში ერთადერთი ნათელი მხარე ეს არის დიზელის საწვავი, რომლის იმპორტიც მნიშნელოვნად გაზრდილია", - ამის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე ვანო მთვარალაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც მთვრალაშვილი აღნიშნავს, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს.

“პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ვხედავთ, რომ იმპორტის სტატისტიკა პოზიტიური დინამიკით ხასიათდება. დიზელის საწვავის იმპორტი 15%-ით არის გაზრდილი. დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ეს არის სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სახელმწიფომ მიიღო ის, რომ სავარგულები დამუშავებულია. იმპორტის ზრდაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აქ მოცულობით ნაწილში ზრდაზეა საუბარი. მაგალითად, იმპორტი თანხობრივ ნაწილში შემცირებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემებია, მათ შორის გაყიდვებთან მიმართებაში. ბენზინის გაყიდვები და იმპორტი შემცირებულია", - აცხადებს ის.

ვანო მთვრალაშვილმა დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის 2020 წლიდან ამოქმედების გადავადების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი მთავრობის მხრიდან დღის წესრიგში უახლოეს მომავალში დადგება.

 

ცნობისთვის: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 50,6 ათასი ტონით ანუ 15,4%-ით, ხოლო ბენზინის იმპორტი შემცირდა 11,3 ათასი ტონით ანუ 3,2%-ით. ჯამში, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 39,3 ათასი ტონით ანუ 5,8%-ით.

 

2020 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთი - 32,8%; აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 20,5%; რუმინეთი - 18,8%; თურქმენეთი - 8,7%; ბულგარეთი - 8,6%; საბერძნეთი - 4,1% და ა.შ.

რაც შეეხება „ევრო 5“-ის სტანდარტს, მთავრობის დაგდენილების მიხედვით, მისი ამოქმედების ვადამ 1 წლით - 2021 წლამდე გადაიწია. ცვლილებები „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში შევიდა.