17.ივნისი .2021 20:30

ვანში ხმაურსა და პიროტექნიკის გამოყენებაზე ჯარიმები დაწესდა - დადგენილება

ვანში ხმაურსა და პიროტექნიკის გამოყენებაზე ჯარიმები დაწესდა - დადგენილება
views 634
უკან

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასა და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი დამტკიცდა.

ინფორმაცია გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხმაურზე რეაგირების საფუძველი შეიძლება გახდეს დაინტერესებული პირის განცხადება, ან ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი.

დადგენილების თანახმად, ხმაური გაიზომება სპეციალური ხმაურმზომის მიხედვით. რაც შეეხება ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებას. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამის საათებში აკრძალულია პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება:

დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე;
საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე;
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე;
დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე;
მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე;
საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე.

ინფორმაციისთვის:

„მუხლი 771 - დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება – გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ ჩადენა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით.

ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა - 500 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა - 1000 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა