მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის გასაზრდელად, საჭიროა, მთავრობამ ერთიანი წესები შემოიღოს - რეზო მაღალაშვილი

60f808868a111
ინგა მურუსიძე
21.07.21 15:40
1017
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს? - ესაა ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად დასმული კითხვა. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები, პერიოდულად, აცრის სტიმულირების სხვადასხვა მექანიზმზე საუბრობენ, მაგრამ ამ დრომდე კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც ამ პროცესს წაახალისებდა, არ მიუღიათ. ამასობაში, 4 თვე გავიდა ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან და სულ გაკეთდა 374 685 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 133 648 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ 19 ივლისს 11,073 დოზა ვაქცინა გაკეთდა, მაგრამ გუშინ მხოლოდ - 6 586.

Retail Group Georgia-ს დირექტორ რევაზ მაღალაშვილის აზრით, თუ ადამიანებს ვაქცინაცია არ სურთ, სხვადასხვა ბენეფიტის მიღების მიზნით, (მაგალითად, ფასდაკლებები მაღაზიებში) მაინც არ აიცრებიან, ამიტომ საჭიროა, სახელმწიფომ ერთიანი სპეციალური წესები დანერგოს, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ უბიძგებს.

„მაგალითად, მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მაღაზიებსა და მოლებში უნდა დაუშვან მხოლოდ აცრილი მოქალაქეები, ან ვისაც აცრა არ უნდა, კეთილი ინებოს და ჩაიტაროს ტესტი. ამით უზრუნველვყოფთ იმას, რომ ისინი არ იქნებიან გადამდები და აცრილებს საფრთხეს არ შეუქმნიან“, - განაცხადა მაღალაშვილმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად საჭირო გადაწყვეტილებები სახელმწიფო დონეზე უნდა იქნას მიღებული.

„მხოლოდ კომპანიები თავიანთი სურვილით და ინიციატივით ვერაფერს იზამენ. მოსაძებნია გამოსავალი და ეს გამოსავალი სახელმწიფო დონეზე უნდა იქნას ნაპოვნი. კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით შესაძლებელია ისეთი რეგულაციების მოფიქრება, რაც აცრილებს ჩააყენებს უსაფრთხო მდგომარეობაში, ხოლო არააცრილებს დააზღვევს ვირუსის გავრცელების რისკებისგან. ეს ერთი მხრივ, დაგვაზღვევს რისკებისგან და მეორე მხრივ, მათ ექნებათ არჩევანი, რომ პერიოდულად გაიკეთონ ტესტი ან აიცრან. შესაძლოა, ამას იძულებითი სახე აქვს, თუმცა მოქალაქეებს არჩევანის უფლებასაც ვუტოვებთ. შედეგად, მაგალითად, შოპინგიც უფრო უსაფრთხო გახდება. ჯანდაცვის ერთიან ბაზაში უნდა იყოს შესაძლებელი ე.წ. covid-პასპორტის ან ტესტის პასუხის შემოწმება ობიექტებში QR-კოდის მეშვეობით. ექსპერტი არ ვარ, უბრალოდ ვიფიქრე რა შეიძლება გაკეთდეს. შესაძლოა, უკეთესი იდეებიც გაჩნდეს, მაგრამ მთავარია, ყველამ ვიფიქროთ გამოსავალზე, რადგან არავის გვინდა, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს“, - აცხადებს რეზო მაღალაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ ვაქცინაციის ორგანიზებას, მისი თქმით, შესაძლებელია, სავაჭრო ცენტრებში ვაქცინაციის ცენტრები აქტიურად მოეწყოს.