მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის გეგმის აღსრულების ნაწილში სირთულეებია მოსალოდნელი - გიორგი გოცაძე

60229d57d4326
ინგა მურუსიძე
09.02.21 22:30
591
ვაქცინაციის გეგმა არის ფურცელზე დატანილი გეგმა, ყველაზე მთავარი მისი აღსრულებაა და ამ ნაწილში დიდი სირთულეები არის მოსალოდნელი, - ამის შესახებ BM.GE-ს გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ ისაუბრა. ის ვაქცინაციის გეგმის შედგენაში პირადად იყო ჩართული და აცხადებს, რომ ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული.

გოცაძის თქმით, კარგი იქნებოდა ვაქცინაციის გეგმაზე სამუშაოდ მეტი დრო ყოფილიყო, თუმცა ეს არავიზე იყო დამოკიდებული, რადგან რამდენიმე თვის წინ ვაქცინა არ არსებობდა და როცა ვაქცინა გამოჩნდა, გეგმის შედგენაც აუცილებელი გახდა.

მისი განმარტებით, გეგმაზე მუშაობდა ასამდე ადამიანი, 9-ზე მეტი სამუშაო ჯგუფი, ჩატარდა ათეულობით შეხვედრა და გეგმა გაკეთდა მოკლე ვადაში. „კარგია, რომ გეგმა მოწონებულია კოვაქსის პლატფორმის ექსპერტების მიერ. 5-მა ქვეყანამ კოვაქსის პლატფორმისგან უკვე მიიღო ვაქცინა გეგმის ხარისხიანობის გამო და ეს კარგია“, - დასძინა გოცაძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის გეგმა ცოცხალი დოკუმენტია და განახლებას ექვემდებარება, რადგან თავად კოვიდთან დაკავშირებით ბევრი რამ იცვლება და ვაქცინაციის გეგმაც მას უნდა მოერგოს, რომ ახალი ვაქცინების გამოჩენასთან ერთად, მათი მიღება შესაძლებელი გახდეს.

„გეგმა დავალაგეთ თერმულ რეგულაციებზე - ულტრა ცივი - „ფაიზერის“ ვაქცინა, „მოდერნა“, რომელსაც საშუალო სიცივე სჭირდება და სხვა ძირითადი ვაქცინები, რომელსაც სჭირდება ტემპერატურა, რასაც საქართველოს იმუნიზაციის სისტემები მოიხმარს. მოსალოდნელია ამ ვაქცინების შემოსვლა. ამიტომ გეგმას ნაკლები ცვლილებები დასჭირდება, თუმცა მთავარია გეგმის აღსრულება. ვფიქრობ, აღსრულების ნაწილში დიდი სირთულეებია მოსალოდნელი“, - განმარტა გოცაძემ.