მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქცინაციის მიმართ თანამშრომლების დამოკიდებულება ჯერ კიდევ უარყოფითია“ - “აჭარა ტექსტილი”

612b7195788b3
ლიკა გურაბანიძე
29.08.21 18:00
979
“აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორი გია ლომინაძემ კომპანიაში ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილი არაა.

„სამკერვალოში ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა ტემპი არადამაკმაყოფილებელია. აცრის მიმართ თანამშრომლების დამოკიდებულება ჯერ კიდევ უარყოფითია. თუ აცრების სტატისტიკას შევხედავთ, ბათუმის საწარმოში ყველაზე კარგი ვითარებაა - აცრილთა რაოდენობა 70-75%-ს შეადგენს. ქობულეთის საწარმოში აცრილთა წილი 30%-ია, რუსთავში - 20%, ხოლო ფოთში - 25%.

ყველანაირ ღონისძიებას მივმართეთ, რათა დასაქმებულები წაგვეხალისებინა და აცრილიყვნენ - ხელფასზე დანამატები გავუკეთეთ, ასევე გათამაშებები ჩავატარეთ, რაც რამდენიმე აცრილი თანამშრომლის გამარჯვებას და იმ თვეში ასაღები ხელფასის გასამმაგებას გულისხმობდა“, - განაცხადა გია ლომინაძემ და დასძინა, რომ ვაქცინაციის მხარდასაჭერად საინფორმაციო კამპანიას კიდევ გააგრძელებენ.

მისივე თქმით, 2020 წლიდან მოყოლებული, პანდემიის გამო, საწარმო პერიოდულად იხურებოდა, რამაც კომპანია დააზარალა.

“ვაქცინაცია ჩვენთვის და ყველა ჩვენნაირი საწარმოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთ სივრცეში ძალიან ბევრ ადამიანი მუშაობს; რაც პანდემია დაიწყო, ინფიცირებების გამო, ჩვენი საწარმოები პერიოდულად იხურებოდა, რამაც ფინანსურად დაგვაზარალა. ამდენად, აცრას გავაგრძელებთ, რადგან პანდემიამ ბიზნესს უდიდესი დარტყმა მიაყენა. ჩვენ კონკრეტული ფინანსური ვალდებულებები გვაქვს, რაც უნდა შევასრულოთ“, - განმარტა ლომინაძემ.

ცნობისთვის: "აჭარა ტექსტილი" სამოსს ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის კერავს, როგორიცაა ADIDAS და NIKE.