მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის პროცესში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული - თამარ გაბუნია

605afb56313fa
ინგა მურუსიძე
24.03.21 12:40
452
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული.

გარდა ამისა, გაბუნიას თქმით, შესაძლოა, პროცესში დიდი კლინიკებიც ჩაერთონ, რომლებიც მზად არიან სამომავლოდ მოაწყონ შესაფერისი ინფრასტრუქტურა მოქალაქეების მისაღებად.

„ვაქცინაციის ცენტრებისათვის პირობები განსხვავებულია „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში. აქ არის მოთხოვნები მოსაცდელ ოთახთან, შესასვლელთან, შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით, მაცივრის პირობები, სადაც ტემპერატურის მკაცრი კონტროლი მოითხოვება, მომუშავე ბრიგადები და ა.შ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, ის სისტემაში უმოკლეს ვადაში აისახება და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის.

„როგორც მოგეხსენებათ, ხვალ უკვე ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება, რომელიც ვაქცინაციის პროგრამას დაემატება. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში ჩართული დაწესებულებები თავიდან შევაფასეთ და ისინი გადაერთვებიან „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის და ორივე ვაქცინით გააგრძელებენ აცრას“, - განაცხადა მინისტრის მაოდგილემ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, პორტალზე რეგისტრაციისას თავდაპირველად ხდება ვაქცინის ამორჩევა და შემდეგ იმ სამედიცინო დაწესებულებების, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს ვაქცინაციის ჩასატარებლად.

„ბუნებრივია, არჩევანი გარკვეულად არის შეზღუდული, სულ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა არის 29 250; ამდენად, 14 500-მდე ადამიანის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი, მაგრამ გვაქვს გარანტირებული ხარისხი ორივე ვაქცინასთან მიმართებაში. რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ რომელიმე უპირატესად შევთავაზოთ მოსახლეობას, არ არსებობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.