23.ივლისი .2021 14:31

„ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალის შეფერხების მოლოდინი არ გვაქვს“ - ეკატერინე ტიკარაძე

„ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალის შეფერხების მოლოდინი არ გვაქვს“ - ეკატერინე ტიკარაძე
views 324
უკან

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე არსებული გაუმართაობა აღმოფხვრილია და ვებ-გვერდის მუშაობაში შეფერხებები მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს საქართველო აშშ-ის ნაჩუქარ „ფაიზერის“ 0.5 მლნ დოზას მიიღებს და რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.

"მნიშვნელოვანია ვაქცინაციის რეგისტრაციაზე მზადების პროცესი, რომელიც სამინისტრომ გაიარა, რათა ამ დოზების ადმინისტრირებას შესაფერისად დავხვედროდით. საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც ვაქცინაციის მართვის პროცესში გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა და როგორც IT სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს ვებგვერდი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმის, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას რამდენიმე შრიანი გადაზღვევა აქვს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის პორტალზე განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა.

„ამ მიმართულებით რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რომელიც უმნიშვნელო იყო, მაგრამ აფერხებდა საიტის მუშაობას: Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. პირველი რეგისტრაციის დროს IT სამსახურმა დააფიქსირა, რომ 12 000 ჯავშანზე მოდიოდა 120 000 მსურველი. იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდება იყო შეზღუდული, ამან ის შეფერხებები გამოიწვია, რომელიც ჩვენ პირველ დოზაზე რეგისტრაციის დროს გვქონდა.

ამასთან, შეიცვალა რეგისტაციის მეთოდი და წინასწარი ჯავშნის შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში მიიღებენ. ამ კომპონენტში IT სამსახურების რეკომენდაციები იყო გათვალისწინებული. აქ რეგისტრაციისას მონაწილეობს რამდენიმე ბაზა, როდესაც ადამიანი რეგისტრირდება. პროგრამაში დაშვებული იყო რამდენიმე შეცდომა, რაც გამრტარუნარიანობას აფერხებდა. ახლა ეს იმ კანონზომიერებითაა, რაც გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს და კომფორტს უქმნის IT სამსახურს, რათა ყველანაირი შეცდომის გარეშე ჩვენს მოქალაქეებს დაზუსტებული ინფორმაცია მიუვიდეთ“, - განმარტა ტიკარაძემ.