მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია დაგვიანდა - რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები მთავრობას

60182103c68c3
BM.GE
01.02.21 22:43
962
საქართველომ ოფიციალურად უკვე მიიღო დასტური, რომ თვის ბოლოს ქვეყანა Pfizer-ის 29 ათას დოზაზე მეტ ვაქცინას მიიღებს, თუმცა მთავრობა ვაქცინის მიმართ ნდობის გაზრდას, განსაკუთრებით სამიზნე ჯგუფებში, აგვიანებს.

საინფორმაციო სტრატეგია გაწერილია ვაქცინაციის სამოქმედო ეროვნულ გეგმაშიც, თუმცა აქტივობა პასუხისმგებელ რგოლს, ჯერ დაწყებული არ აქვს. არადა, NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების 41% ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს. 17% კი აფიქსირებს პოზიციას, რომ არ იცის, გაიკეთებს თუ არა.

მთავრობას ვაქცინის მაღალი მიმღებლობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებასთან დროული კომუნიკაციისკენ მოუწოდებენ ჯანდაცვის სპეციალისტები. აკაკი ზოიძე დღეს არსებულ ერთ-ერთ გამოწვევად, სწორედ საზოგადოების ამ ნაწილის დარწმუნებას მიიჩნევს, რომ ვაქცინის სიკეთე გაცილებით დიდია და პანდემიის დაძლევა მხოლოდ ვაქცინაციით არის მიღწევადი.

„პროცესს ორი მხარე აქვს. ერთია თვითონ ვაქცინის ფიზიკური ხელმისაწვდომობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთი - ჩვენ დავარწმუნოთ ადამიანები და მეორე - ლოჯისტიკურად შევძლოთ ვაქცინის განთავსება.

ჩემი აზრით, რაც აქამდე უნდა დაწყებულიყო ვაქცინის თაობაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რომ ის არის უსაფრთხო, რომ სარგებელი რისკებს გაცილებით აჭარბებს და კითხვებზე, რაც არსებობს - რატომ ასეთ მოკლე დროში, რომელი ვაქცინა, როგორ, რას შეიძლება ველოდოთ, რა არის მოსალოდნელი შედეგი, მიგვეწოდებინა ინფორმაცია.

რაც შეეხება თვითონ ვაქცინაციის კამპანიას, რაც არის მასშტაბური ეროვნული კამპანია, ეს ალბათ დაიწყება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც რისკ ჯგუფების აცრა დაიწყება. მონიტორინგი უნდა მიდიოდეს, საჯარო პირი უნდა აიცრას, მაგალითი უნდა მისცეს ხალხს, მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტის ჩართულობა ამ საქმეში, მათ შორის ეკლესიისაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ რეალურად ეს არის საქმე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების დონეზე არის ასაყვანი, რადგან ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას, მის ეკონომიკას დიდი საფრთხე ემუქრება“, - ამბობს აკაკი ზოიძე.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს მოსახლეობის 60%-ის აცრას გეგმავს, ვაქცინაციის პროცესი კი სავარაუდოდ, გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს. უკვე ცნობილია ბიუჯეტიც, რასაც ქვეყანა ვაქცინაციაზე დახარჯავს, ვაქცინაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ეს თანხა 65-დან 158 მილიონ ლარს შორის მერყეობს. ბიუჯეტურ პარამეტრებში ფასების განსხვავება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას უკავშირდება.