მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინები, რომლებიც "ძებნაშია" - "ასტრაზენეკას" გამქრალი დოზების აუდიტი გრძელდება

60d98d7a60a9c
ინგა მურუსიძე
28.06.21 13:00
708
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შიდა აუდიტს ჯერ არ დაუსრულებია კვლევა, თუ სად არის 3 ათასამდე "ასტრაზენეკას" ვაქცინა, რომლის დეფიციტი გასულ კვირას შეიქმნა. აღნიშნული პრობლემის გამო გასული კვირის დასწყისში აცრაზე დარეგისტრირებული მოქალაქეების ნაწილს ვაქცინაციაზე უარი უთხრეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ NCDC-ის ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს ვაქცინების საკმარისი დოზები არსებობდა, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს შიდა კვლევა, რათა დადგინდეს, სად იქნა დაშვებული "შეცდომა ან ხარვეზი".

„აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია. ის არის პროცესში და სწავლობს ხარვეზებს, რომელიც შესაძლოა იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ასევე ის სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე მარაგების მართვის საკითხს, თუმცა ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მნიშვნელოვანია ქსელის სრული შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ყველა ის მარაგი, რომელიც დღეს არის ძებნაში. მას შემდეგ, რაც აუდიტი დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნით, თავად გააცნობს მას საზოგადოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზების შემოსვლის თარიღი ცნობილი არ არის.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც მწარმოებლებთან, ასევე „კოვაქსთან“, რომ საქართველომ დაპირებული 43 ათასი დოზა ვაქცინა მიიღოს.

„ასტრაზენეკას ვაქცინირების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ პირველ და მეორე ვაქცინაციას შორის დაცული იყოს გარკვეული პერიოდი. მას შემდეგ, რაც შეიქმნა პრობლემა, რამაც გამოიწვია საზოგადოების სრულიად სამართლიანი აღშფოთება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მნიშნვნელოვანი არის, პროცესი ხელით ყოფილიყო მართული. მოვახდინეთ რიგის მანუალური მართვა.

ყველა მოქალაქე მიიღებს კუთვნილი ვაქცინის მეორე დოზას, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გავა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან და „კოვაქსთანაც“, UNICEF-ის დახმარებით, რათა ის კუთვნილი 43 ათასი დოზა, რომელიც უნდა მიგვეღო, ჩამოვიდეს დროულად. კვლავ მოლაპარაკებების პროცესია და მე ვერ დაგისახელებთ თარიღს, თუ როდის მივიღებთ დამატებით დოზებს, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.