მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინების რა მარაგებია ამ დროისთვის ქვეყანაში? - თამარ გაბუნიას პასუხი

609a6d715ab00
ინგა მურუსიძე
11.05.21 15:44
877
დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაზე მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე მიწოდება. 

იმის გამო, რომ ამცრელი პუნქტების დიდ ნაწილში ადგილები სრულად შევსებულია და მოქალაქეები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, BM.GE დაინტერესდა, დაკავშირებულია თუ არა ეს პროცესი ვაქცინების შესაბამისი მარაგების არარსებობასთან.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ქვეყანაში ვაქცინების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"სინოფარმის" ვაქცინის დიდი ნაწილი, 40 ათასამდე დოზა, ან უკვე გამოყენებულია, ან ჯავშანია გაკეთებული. 10 ათასი დოზა დარეზერვებულია სტრატეგიულ ჯგუფებზე, რომელიც არის პოლიცია და პენიტენციური სისტემა. დაიწყება ასევე ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. ეს იქნება მხოლოდ შედარებით ნაკლები მოცვით, რადგან უდიდესი ნაწილი ამ რაოდენობის დასჭირდება პოლიციას და პენიტენციურ დაწესებულებებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება "ასტრაზენეკას", მისი თქმით, თავისუფალი დოზები ჯერ კიდევ დარჩენილია.

"ასტრაზენეკას" მარაგს რაც შეეხება, როგორც გახსოვთ, 43 ათასი დოზა შემოვიდა, ალბათ 8-10 ათასი თავისუფალი ჯავშანი შეგვიძლია გაკეთდეს. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ მალევე დაემატება კოვაქსის პლატფორმიდან "ასტრაზენეკას" დოზები იმისთვის, რომ მეორე დოზების გაკეთება მოხდეს. ასე რომ, "ასტრაზენეკას" თავისუფალი დოზები გვაქვს", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება "ფაიზერის" ვაქცინას, თამარ გაბუნიას თქმით, "ფაიზერთან" პირდაპირი მოლაპარაკება დაწყებულია 3-4 თვის წინ და სავარაუდოდ, მაისის ბოლოსკენ იქნება სრული ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში და როდიდან.

კითხვაზე, აიცრებიან თუ არა მოზარდები, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ როგორც კი იქნება რეკომენდაციები მოზარდებში "ფაიზერის' ან სხვა რომელიმე ვაქცინის გამოყენების შესახებ, ვაქცინაციის პროგრამაც შესაბამისად გადაიხედება.

"ეს საკითხი დაისმება ექსპერტების საბჭოს წინაშე, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჯანმოს რეკომენდაციებზე, თუ რომელ ჯგუფში უნდა მოხდეს ვაქცინის გამოყენება", - აღნიშნა გაბუნიამ.