მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია“ - NDI-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 47% არ აიცრებოდა

6114e6315616e
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 13:10
1132
NDI-ის მიერ ივლისის მეორე ნახევარში ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მხოლოდ 35% აიცრებოდა, ხოლო 47% - არ აიცრებოდა. 7% აცხადებს რომ უკვე აცრილია, 11%-მა კი არ იცის გაიკეთებს თუ არა ვაქცინას.

კვლევაში ის ასაკობრივი კატეგორიები და გეოგრაფიული ადგილებიცაა გამოკვეთილი, სადაც ვაქცინისადმი სკეპტიციზმი ყველაზე მაღალია, კონკრეტულად კი აცრების მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება.



ვაქცინის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხსა (47%) და ვაქცინის ჯანმრთელობის პრობლემებთან შეუთავსებლობას ასახელებენ (20%).



მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ მოქალაქეების 42% თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის.

გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს, 37% კი ამ პროცესს დადებითად აფასებს. საყურადღებოა, რომ მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში, რაც 47%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი 56% ამბობს, რომ არ იცის თუ როგორ დარეგისტრირდეს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71%-ია.

ცნობისთვის: აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3 პროცენტია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.