მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინით ჯანმრთელი ადამიანები უნდა ავცრათ, ამიტომ ის უნდა იყოს აღიარებული - კულუმბეგოვი

5ffe0e06dac32
თათია ჩაფიჩაძე
13.01.21 01:02
2036

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, როგორც საზოგადოებამ, ისე მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინის უსაფრთხოებაა. „ვაქცინით ჯანმრთელი ადამიანები უნდა აიცრას, ამიტომ ნებისმიერი ვაქცინა, ეს იქნება ჩინეთში წარმოებული, ინდონეზიაში, მონღოლეთში თუ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, უნდა იყოს შესაბამისი მარეგულირებლების მხრიდან აღიარებული", - განაცხადა იმუნოლოგმა „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში და დასძინა, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე მწარმოებლის მიერ გამოშვებული ვაქცინით დაიწყება. 

ამდენად, კულუმბეგოვის აზრით, საქართველოში არ უნდა შემოვიდეს ვაქცინა, რომელიც ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს ან ევროპის წამალის სააგენტოს ან კიდევ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ იქნება აღიარებული.

„ყველა ვაქცინა, რომელიც შეიქმნა, შეიქმნა ფორსმაჟორულ ვითარებაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათი უსაფრთხოება იყოს თანაბარზომიერი, რადგან ჩვენ ჯანმრთელი ადამიანები უნდა ავცრათ. ეს არ არის წამალი მომაკვდავი ადამიანისთვის, რომელიც შეიძლება ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში გამოვიყენოთ. ამიტომ ნებისმიერი ვაქცინა, ეს იქნება ჩინეთში წარმოებული, ინდონეზიაში, მონღოლეთში თუ ამერიკასა და ბრიტანეთში, უნდა იყოს შესაბამისი მარეგულირებლების მხრიდან აღიარებული. ასეთი მსოფლიოში სულ სამია - ეს არის ამერიკის წამლის და საკვების სააგენტო, ევროპის წამალის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია; მათი კვალიფიკაციის თუ პრეკვალიფიკაციის გარეშე საქართველოში არცერთი ვაქცინა არ უნდა შემოვიდეს. თუ ექნება მათი მხრიდან აღიარება თუნდაც გადაუდებელი გამოყენებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი სარგებელი მეტია ვიდრე რისკი, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვაქვს უფლება, ასეთი ვაქცინის შემოტანა განვიხილოთ“, - განმარტა მან.

ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომლითაც პირველ ეტაპზე 700 ათასი მოქალაქე ანუ მოსახლების, დაახლოებით, 20% აიცრება. „ალბათ ამ პროცესში იქნება რამდენიმე მწარმოებელი, რადგან შეუძლებელია, მხოლოდ ერთ ვაქცინაზე გაკეთდეს აქცენტი“, - დასძინა მან.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Covax-ის პლატფორმით საქართველოში პირველად Pfizer-ის ვაქცინა შემოვა, რომლის დისტრიბუცია, სავარაუდოდ, თებერვლიდან დაიწყება.

"6 იანვარს ქვეყნებმა მიიღეს წერილი კოვაქს პლატფორმიდან Pfizer-ის ვაქცინის შემოთავაზებასთან დაკავშირებით, თუმცა იქამდე ქვეყანამ ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად მზადაა და ეს განაცხადი 18 იანვარს უნდა გაიგზავნოს. იანვრის ბოლომდე კი, კოვაქსი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და "იუნისეფი" შეაფასებენ განაცხადებს, ქვეყნების მზაობას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად მზად არის ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად, ხოლო თებერვლიდან დაიწყება დისტრიბუცია იმ ქვეყნებში, რომელიც გამოთქვამს ვაქცინის მიღების მზაობას, რადგან ყველა ქვეყანას Pfizer-ის ვაქცინის მიღების არც შესაძლებლობა აქვს და არც - სურვილი. ჩვენ ვაკეთებთ ამ განაცხადს და იანვრის ბოლოს გვექნება პასუხი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.