მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარდისფერი ღვინო, ექსპორტი ინგლისსა და უკრაინაში - „ჟუჟუნას“ გეგმები

61dc20c1731fa
ინგა მურუსიძე
16.01.22 23:30
1250
ახალი ვარდისფერი ღვინის დამატება და საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდა - ეს ორი მიზანი აქვთ დასახული ქართული ღვინო „ჟუჟუნას“ დამფუძნებლებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ტაბატაძე უყვება, დღეისთვის მიდის მუშაობა იმაზე, რომ „ჟუჟუნას“ ცქრიალა ღვინოს, კიდევ ერთი სახეობა "როზე" დაემატოს, რაც უკვე არსებულისგან განსხვავებული იქნება.

„ახლა ვმუშაობთ, რომ მოვარდისფრო ღვინო გამოვუშვათ. იქნება „როზე“ და ოდნავ მეტად შაქრიანი, ვიდრე ახლა არსებული ღვინო. ახალი ღვინის გამოშვების თარიღი ჯერ არ ვიცით, თუმცა ქარხანაში ხელით ვბლენდავთ ყურძენს, რომ გამოვიყვანოთ ჩვენთვის სასურველი გემო და გვინდა, ახალი გემო 2022 წელს ჩავუშვათ გაყიდვაში“, - ამბობს გიორგი ტაბატაძე.

რაც შეეხება უკვე არსებული პროდუქციის რეალიზაციას, ამჟამად, „ჟუჟუნას“ შეძენა ათამდე ქსელურ მაღაზიაში და ჰორეკას სექტორის 50-მდე ობიექტშია შესაძლებელი; გარდა ამისა, მსურველებს ღვინის შეძენა გამოძახების სერვისის მეშვეობითაც შეუძლიათ. საქართველოში ჟუჟუნას ფასები 5.20-დან 5.5 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეება კიდევ ერთ გამოწვევას - ეს ექსპორტია. გიორგი ტაბატაძის თქმით, „ჟუჟუნა“ უკვე გავიდა იაპონიასა და ჩინეთში, ხოლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინგლისთან და უკრაინასთან. კომპანიის დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ კიდევ ორ ქვეყანაში „ჟუჟუნა“ სწორედ ამ წელს გაიყიდება.

„ექსპორტზე ორი ტვირთი გავუშვით, ესენი იყო ჩინეთსა და იაპონიაში. ჩინეთისთვის უკვე ახალ ტვირთს ვამზადებთ. სტრატეგია გვაქვს, რომ ჩინურ ონლაინ-პლატფორმაზე გაიყიდოს ჩვენი ღვინო. პარალელურად რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში კიდევ ორი საექსპორტო ქვეყანა დაგვემატება - მოლაპარაკება მიმდინარეობს უკრაინასთან და ინგლისთან“, - ამბობს ტაბატაძე. ის ექსპორტზე გაგზავნილი ღვინის რაოდენობას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ჩინეთსა და იაპონიაში სატესტოდ რამდენიმე ათასი ბოთლი „ჟუჟუნა“ გაიგზავნა.

2021 წელს კომპანიამ ჯამში 150 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოსხა. ხოლო ქარხანაში ამჟამად 15 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.