20.ივნისი .2020 20:00

“ვარკეთილის ბაზრობის" ქონებრივი ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა - დევი ხეჩინაშვილი

views 297
უკან

"ვარკეთილის ბაზრობის" ქონებრივი ნაწილი ანუ 10 000 კვადრატული მეტრის სივრცე არ არის დაზღვეული. შესაბამისად, ბაზრობის მფლობელებს ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი არსაიდან არ აუნაზღაურდებათ", - ამის შესახებ “საქმიანი დილის" ეთერში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. 

"მე როგორც გავიგე, ამ ბაზრობის მფლობელებს დაზღვეული ჰქონდათ ის, რაც კანონით ევალებოდათ ანუ მესამე პირის პასუხისმგებლობა, ხოლო თავად ბაზრობის ქონება არ არის დაზღვეული. მოგეხსენებათ, 10 000 კვადრატული მეტრის 90% არის  დამწვარი, ძალიან დიდი ზარალია", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ზარალს, რომელიც მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად მიადგათ, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზრობის ადმინისტრაციას ის დაზღვეული ჰქონდა, დაზარალებულებს სადაზღვევო კომპანია "ირაო" აუნაზღაურებს თანხას.

შეგახსენებთ: 2018 წლიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასობრივი თავშეყრის ობიექტის, მათ შორის ბაზრობის მფლობელი, ვალდებულია, იყიდოს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, სადაზღვეო კომპანია კი ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. ბიზნესობიექტი დაზღვევას ორი მიმართულებით ყიდულობს. ესენია ქონებისა და ჯანმრთელობის პასუხისმგებლობის დაზღვევა. მაგალითად: სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში ერთ დაზარალებულს სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანი 30 000 ლარით აუნაზღაურდება, ხოლო ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანი - 15 000 ლარით; ქონებისთვის მიყენებული ზარალის შემთხვევაში კი, ერთი პირი მიიღებს თანხას არაუმეტეს 15 000 ლარისა; სადაზღვევო კომპანიის მხრიდან კი, ერთ ბიზნესობიექტზე ანაზღაურების მაქსიმალური თანხა 15 მილიონი ლარია.

დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ახლა მთავარია, მოვაჭრეებმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც მათ სასაქონლო ნაშთებს დაადასტურებს, დროულად წარმოადგინონ, რათა სადაზღვევო კომპანიამ ზარალი აანაზღაუროს. 

"ყველა ზარალი და ყველა მოვაჭრე იქნება განხილული და ანაზღაურებული იმ ვადებში, რაც წერია კანონში. კანონში კი წერია მკაფიო ვადა - დაზარალებულს აქვს 60 დღე, რომ წარადგინოს საბუთები და შემდეგ კომპანიას აქვს 30 დღე იმისთვის, რომ გადაიხადოს", - განაცხადა მან და დასძინა, რომ შესაძლოა, პრობლემა წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრეების საქონლის ღირებულება 15,000 ლარზე მეტი აღმოჩნდება. "არ ვიცი, ეს ანალიზმა უნდა აჩვენოს, მაგრამ ყველა მიიღებს 15 000 ლარის ფარგლებში იმას, რასაც დაასაბუთებენ", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: 15 ივნისის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარკეთილის ბაზრობაზე 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები დაიწვა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბაზრობის მთლიანი სივრცე 9,399 კვადრატული მეტრია და ის სრულად შპს "ვარკეთილი-96"-ს ეკუთვნის, რომელიც სავაჭრო ფართებს მოვაჭრეებზე აქირავებს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა