მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილის მეტროს რემონტისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდა, ფასი გაორმაგებულია

6231982281feb
ანუკა ჯოხაძე
16.03.22 12:21
1355
თბილისის მერიამ "ვარკეთილის მეტროს" რეაბილიტაციაზე ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადდა. შესყიდვის ღირებულება 7 057 389 ლარი იყო, თუმცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა.

სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი მეორედ გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც ამჯერად გაორმაგებულია და 13,7 მლნ ლარს უტოლდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად ტენდერი 15 მარტს გამოაცხადა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება 10 აპრილს იწყება და 15 აპრილს სრულდება. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ მეტროს სრული რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა, რის შემდეგაც, კომპანია “ყვარელმშენის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

აღსანიშნია, ისიც რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის“ რეაბილიტაციის ტენდერთან დაკავშირებით, 5 თებერვალს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისთვის მოქალაქეთა შენიშვნები მეტროსადგურის რეაბილიტაციის გახანგრძლივების შესახებ გასაგები და მისაღებია, თუმცა დღემდე რეაბილიტაციის პროექტი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდა.