02.დეკემბერი .2019 23:29

ვარკეთილში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

views 271
უკან

ვარკეთილში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დედაქალაქის მერი დაესწრო. 

პროექტის ფარგლებში, ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი 230-ლუქსიანი განათებით და მინი საფეხბურთო მოედანი განათებით. ასევე, 180-ადგილიანი ტრიბუნა, რომელიც აღჭურვილია შშმ პირთათვის განკუთვნილი პლატფორმით. აიგო ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, მწვრთნელების ოთახებით და სხვა საჭირო სივრცეებით.

კახა კალაძემ ვარკეთილში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრის გახსნა მიულოცა. 

„მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, სწორედ ასეთი ცენტრები გვქონდეს ყველა რაიონში. აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ. ყველანაირი პირობაა, რათა პატარებმა შეძლონ თამაში და კომფორტულ გარემოში იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამის - FORWARD-ის მიერ დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 2 223 174 ლარია. სპორტული კომპლექსით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლებს, სამოყვარულო გუნდებს, ბავშვთა რეგიონულ ნაკრებებს. გახსნის ცერემონიაში მონაწილებდნენ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები.