მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვასილ მაღლაფერიძის აზრით, საზმაუს ბორდის წევრების რაოდენობის ზრდით განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება

646c846f824f7
თამთა ჯიჯავაძე
23.05.23 13:44
653
ეს პარლამენტის გადასაწყვეტია და ამით განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება, - ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა ვასილ მაღლაფერიძემ დამოუკიდებელი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის კითხვას საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდის გეგმებთან დაკავშირებით.

საქმე იმაშია, რომ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი „მაუწყებლის შესახებ“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ბორდის წევრების ზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ენიჭება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან 2 კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის უფლებამოსილება.

„მე არ ვწყვეტ ამას. ჩემი მოსაზრებით, შეიძლება იყოს სამი წევრიც. შეიძლება ხუთი და შვიდიც. ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. ზოგადად, ყველანაირი პრაქტიკა არსებობს, ზოგან ორი სამეურვეო საბჭოც კი არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება სამი წევრიც იყოს და შეიძლება 15-იც და ამას სხვადასხვა დასაბუთება ექნება, გააჩნია როგორი ბალანსი იქნება. დღეს პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი არის აჭარასა და სახალხო დამცველს შორის, რაც გადაწყვიტა თავის დროზე პარლამენტმა. არ ვიცი ამას რა დასაბუთება ჰქონდა. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იგივე კითხვით ხატია დეკანოიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილსაც მიმართა.

თავის მხრივ, სონღულაშვილი ამბობს, რომ საზმაუს ბორდის წევრების ზრდით მაუწყებლის ბიუჯეტის გაზრდა არ იგეგმება, -  "პრობლემურად ვერ აღვიქვამ ბორდის წევრების რაოდენობის ზრდას. პირიქით უფრო საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ბორდს უფრო მრავალფეროვანი წარმომადგენლობა ექნება, რომელიც უფრო მეტად გაზრდის განსხვავებული აზრის არსებობას. მე მგონია, რომ ეს ერთ-ერთი არგუმენტი იქნება“.

ცნობისთვის, დაგეგმილი ცვლილებებით უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 1 ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს 6 წელი“ იცვლება ჩანაწერით „6 წელი“. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 6 წლამდე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური.