მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვატო ასათაშვილი: ზამთრის სეზონი ჩავარდა, 2021 წლის პროგნოზიც პესიმისტურია

600572817457d
ლიკა გურაბანიძე
18.01.21 18:45
1090

“მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი ჩავარდა, 2021 წლის პროგნოზიც პესიმისტურია. თუ საზღვრები გაიხსნება, მინიმალურ დატვირთვაზე ზაფხულში გავალთ", - ამის შესახებ “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

ასათაშვილის თქმით, რასაც ზამთრის კურორტებზე შემოსავალი მოჰქონდა, ყველაფერი გაჩერებულია.

“ზამთრის კურორტები, სახელმწიფოს მენეჯმენტი და კერძო სექტორია. სახელმწიფოს მენეჯმენტში საბაგიროები და ძირითადი ინფრასტრუქტურაა, რომელიც გაჩერებულია, რაც გადასახადის გადამხდელის ხარჯზეა და ეს ინფრასტრუქტურა დღეს შემოსავლიანი არ არის. თუ ბიზნესზე ვსაუბრობთ, ეს არის სასტუმრო, კვება, ტრანსპორტირება და გართობა. ყველაფერი შეზღუდულია და რა შეიძლება დავითვალოთ, არ ვიცი", - აღნიშნა ასათაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში დამატებით ბიზნესისთვის გამოწვევაა ისიც, რომ დეველოპერული კომპანიები ბაკურიანში ბინის მეპატრონეებს აფრთხილებენ, რომ სახელმწიფოს ახალი შეზღუდვიდან გამომდინარე, ბინები არ გააქირაონ.

“დეველოპერები პირდაპირ იწერებიან, რომ აუცილებლად მოუწევთ ამ ბინების დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის ინსპექცია ამას გააკონტროლებს და კონკრეტულ პირებს დააჯარიმებს. ასევე, გარდა დეველოპერებისა, ადგილობრივი დაწინაურებული კლანები, მათ შორის ბორჯომის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც ყოფილი ან მოქმედი ძალოვნებით არის დაკომპლექტებული და სხვადასხვა ინსტრუმენტებით არსებულ ვითარებას იყენებენ, რომ შეზღუდვები დააწესონ. ბაკურიანში ხალხი ჩამოვიდა და მაშინვე ამ ადამიანების შეზღუდვა დაიწყო", - განმარტა ასათაშვილმა.

ცნობისთვის: ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაკურიანში ბინის მფლობელები გააფრთხილეს, სასწრაფოდ დაცალონ გაქირავებული აპარტამენტები და აღარ გააქირაონ. რაზეც bm.ge–ს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა, რომ ბაკურიანში სასტუმროების საქმიანობა აკრძალულია, მაგრამ კერძო ბინის გაქირავებაში მათი მხრიდან ჩარევა ვერ მოხდება. ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის უფლება სახელმწიფოს არ გააჩნია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.