მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვატო ლეჟავა: ლარი თერმომეტრია და აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა სუსტი და დაავადებულია

5fa3f1ea9bcf2
ინგა მურუსიძე
05.11.20 17:43
1532
1 დოლარი - 3.40 ლარი, 1 ევრო - 4.01 ლარი - ასეთია ლარის ოფიციალური კურსი ხვალისთვის. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5.91 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ - 10 თეთრით. ბოლო 4 სამუშაო დღის განმავლობაში დოლარის ოფიციალური ღირებულება 15.6 თეთრით გაიზარდა.
რა სჭირს ლარს? – „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ამტკიცებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი ის საპროტესტო აქციებია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმართება.

„ლარის კურსზე წნეხის ძირითადი ფაქტორი არის ეკონომიკური მომავლისადმი უნდობლობა”, - ეს უკვე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის შეფასებაა. ვატო ლეჟვამ ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაზე გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.

„ძირითადი ფაქტორი, რატომაც უფასურდება ლარი, ჩვენი ეკონომიკური მომავლისადმი უნდობლობაა. ეს აერთიანებს ყველა ფაქტორს, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს ვალუტის კურსზე. რეალურად, ეს არის თერმომეტრი, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა არის სუსტი, დაავადებულია და მისდამი ნდობა არ არის. ზოგადი ტენდენციაა, რომ ლარი განუხრელად უფასურდება. ეროვნული ვალუტა, როგორც ეკონომიკის თერმომეტრი, აჩვენებს, რომ ეკონომიკის ჯანმრთელობის სტატუსი არის არადამაკმაყოფილებელი და ალბათ უკვე სახიფათო ეტაპზე გადავდივართ”, - განაცხადა ვატო ლეჟავამ.

რაც შეეხება იმას, რა გავლენას აქვს სებ-ის სავალუტო ინტერვენციებს ლარის სტაბილურობისთვის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ამბობს, რომ სებ-ს ტენდენციის შეცვლა არ შეუძლია.

„ეროვნულმა ბანკმა შეიძლება ლარის კურსის მერყეობა „დააუთოოს“, მაგრამ ცხადია, ის ვერ შეცვლის ტენდენციას, რადგან გაუფასურება მომდინარეობს ეკონომიკის მდგომარეობიდან. ამ ყველაფერს ახლა კიდევ დაემატა პოლიტიკური კრიზისი. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ არჩევნების შემდეგ მეწარმე კარგ ტენდენციას დაინახავდა, მაგრამ ამ ხალხს წინ აქვთ გაურკვევლობა, პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ემთხვევა ეპიდემიური კრიზისიც და ეს არის რეაქცია ჩვენი ეკონომიკაზე“, - აღნიშნა მან.

ვატო ლეჟავა გამოსავალს სწრაფ და სტრუქტურულ ცვლილებაში ხედავს. “საჭიროა, რეგულაციების რადიკალური ლიბერალიზაცია - ათასი სულელური რეგულაცია გვაქვს; საჭიროა, სახელმწიფო ქონების სწრაფი განსახელმწიფოებრიობა და პოზიტიური დინამიკის შექმნა პოლიტიკურ ავანსცენაზე”, - აცხადებს ის.