მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ჩვენი სურვილია, გაგრძელდეს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა

5fe9c455b210a
ინგა მურუსიძე
28.12.20 15:48
1035
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, შესაძლოა, გაგრძელდეს. როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, "საკითხის განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის - მთავრობის წევრებთან".

ბუცხრიკიძის ინფორმაციით, პირობებზე ჯერ საუბარი არ არის, თუმცა კარგი იქნება, თუ პროგრამა არსებული პირობებით გაგრძელდება.

„დეველოპერთან დაკავშირებულმა პროექტმა, რომელიც ბოლო თვეებში ხორციელდება, ხელი შეუწყო არა მარტო იპოთეკური სესხების, არამედ დეველოპერული ბიზნესის გამოცოცხლებას ბოლო 6 თვის განმავლობაში. დეველოპერული ინდუსტრია ხელს უწყობს სხვა ბიზნესების განვითარებას, შესაბამისად, ჩვენი სურვილი იქნება, რომ შემდეგი წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მოხდეს ამ პროექტის გაგრძელება, რაც ხელს შეუწყობს იპოთეკური სესხების და თანმდევი ინდუსტრიების გაცოცხლებასაც“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე შეხვედრა შედგა, მათ შორის მთავრობასთან და ახლა ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 2020 წლის 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იყო და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება. სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს. სუბსიდირება ეხება ყველა იმ პირს, ვინც ბანკს შესაბამისი მოთხოვნით 2021 წლის 1 იანვრამდე მიმართავს.  

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 317 იპოთეკური სესხია დამტკიცებული. თიბისი კაპიტალის ეკონომიკის აღდგენის დინამიკის უახლესი მიმოხილვის მიხედვით კი, 6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 37.6%-ია. ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამშენებლო სექტორის ნაწილი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას ითხოვს. დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გიორგი პაპავა: იპოთეკური სესხის სუბსიდირებით მოქალაქეებს იაფი სესხის აღებისკენ ვუბიძგეთ