მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: შემდეგი 2 წელი გვჭირდება ეკონომიკის ძალიან სწრაფი ზრდა და აღდგენა

60b0f32568024
ინგა მურუსიძე
30.05.21 12:33
1288
"წლევანდელ წელს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ", - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ "Forbes კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, "პანდემიამ ყველაზე მეტად სასტუმროებს და რესტორნებს დაარტყა, თუმცა სამასპინძლო ბიზნესი აღდგენას ყოველთვიურად ახერხებს".

"რა თქმა უნდა, 2019 წელთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ რასაც ვაკვირდებით, სასტუმროების დატვირთულობა ყოველთვიურად, 3% და მეტი - 5%-ით იზრდება. თბილისშიც და რეგიონებშიც შეიმჩნევა ტურისტების ჩამოსვლა და მგონია, რომ ეს ტრენდი შენარჩუნდება“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ის 2008 წლის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან ავლებს პარალელს, მაგრამ ფიქრობს, რომ ახლა ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფად მოხდება, ვიდრე - მაშინ.

„ჩემი აზრით, ეს კრიზისი განსხვავებულია 2008-2009 წლების კრიზისებისგან; აქ გამომწვევი მიზეზი სხვა არის და აღდგენაც გაცილებით მალე მოხდება, ვიდრე - მაშინ. ვფიქრობ, ეკონომიკა გაცილებით სწრაფად აღდგება და ამის ტენდენცია ჩანს. მეორე - მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაცია გაზრდილია და 7%-ს გადასცდა, პროგნოზიც დამაფიქრებელია. აქედან გამომდინარე, იმ საშუალებებთან ერთად, რომელსაც ეროვნული ბანკი ინფლაციის მოსათოკად იყენებს, რათა დაუბრუნოს ის თავის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს, შეიძლება სხვადასხვა ალტერნატივები იქნეს განხილული, რომელიც ეკონომიკის ზრდისთვის არ იყოს ხელშემწყობი... ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უნდა მოიძებნოს საუკეთესო შუალედი მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის თუ რას განიხილავენ, რა არის წელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რა არის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო ნიშნული და რეალობიდან გამომდინარე, უნდა იმოქმედონ.

7%-იანი ინფლაცია არის იმის შედეგი, რაც ხდებოდა ბოლო 12 თვეში, უბრალოდ, მე მომავლისკენ ვიყურები ანუ 7%-იანი ინფლაცია მიზნობრივს რომ დაუახლოვდეს, რა ნაბიჯები გადაიდგმება და ის რა ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკის ზრდაზე. ვფიქრობ, რომ მომავალი 2 წელი გვჭირდება ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა და ძალიან სწრაფი ზრდა; უბრალოდ, ეს შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები იყოს ერთი მხრივ ინფლაციის სასიკეთოდ და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს. მოკლედ, თეორიაში შეიძლება საწინააღმდეგო ბერკეტები აამუშაო, ამიტომ საჭიროა, რაღაც ბალანსის მოძებნა", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.