მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, რეფინანსირების განაკვეთი უნდა შემცირდეს

6426930dabc09
თინათინ ნატმელაძე
31.03.23 12:13
764
“თიბისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სწრაფად აირჩევენ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხიც დროულად გადაწყდება.

„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც დროულად მისაღებია. პირველ რიგში, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რომელიც იგივე ეროვნული ბანკის მიხედვით დამოკიდებულია ინფლაციაზე.

ორი სტრატეგია არსებობს - ერთი ეს არის, რომ როდესაც ინფლაცია ჩამოვა 3%-ზე მაშინ თქვა, რომ მოდი, შევამცირებ საპროცენტო განაკვეთს და მეორე, ცოტა რისკიანი გადაწყვეტილება, როდესაც იცი, რომ თვიდან თვემდე შემცირებულია, თქვა, რომ ტრენდია და მოდი შევამციროთ და არ დაელოდო წლიური ინფლაცია როდის ჩამოვა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სესხები ლარში აქვს აღებული, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებსაც, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი მათ საპროცენტო ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა 29 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მათ, ვისაც სესხი ცვლად განაკვეთეზე აქვს მიბმული, კრედიტის ღირებულება უცვლელად შეუნარჩუნდება. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ინფლაციას უკვე შემცირების დინამიკა აქვს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ნაადრევია და ამისთვის საჭიროა ინფლაციის კლებამ უფრო მყარი ტრენდის სახე მიიღოს. ამასთან, ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს არამხოლოდ დაუახლოვდება, არამედ მასზე დაბალიც იქნება.