მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ლაშქარაძე შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსის მრჩეველი იქნება

5ddb93c2cca7d
თელარა გელანტია
25.11.19 12:41
3347
შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე საქმიანობას ამავე უწყებაში გააგრძელებს.

Bm.ge-ის ინფორმაციით, ვახტანგ ლაშქარაძე შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსის ლევან კაკავას მრჩევლის პოზიციას დაიკავებს.

აღნიშნული სააგენტოს ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურშიც დაუდასტურეს, თუმცა საკადრო ცვლილება, ჯერჯერობით, ოფიციალურად არაა გაფორმებული.

შეგახსენებთ, გასულ კვირას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ ლაშქარაძე ლევან კაკავამ ჩაანაცვლა. საკადრო გადაადგილებას წინ უძღოდა ბოლო პერიოდში მთავრობის მეთაურის მიერ ამ უწყების მისამართით გაკეთებული განცხადებები. „შემოსავლების სამსახურს არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა“, - თქვა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრთან ერთად შემოსავლების სამსახურში გამართულ ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე.

გარდა ამისა, გასულ კვირას, ბოლო მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ივანე მაჭავარიანს „დაავალა“, რომ შემოსავლების სამსახურს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს.

„მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინა, ამიტომ ფინანსთა მინისტრს მინდა დავავალო განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც ხდება შემოსავლების სამსახურში. დღეს ჩვენთვის სამართლიანი, ეფექტური და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საერთოდ სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", – განაცხადა პრემიერმა.

სწორედ პრემიერის განცხადებებიდან რამდენიმე დღეში ვახტანგ ლაშქარაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ლევან კაკავათი ჩაანაცვლეს.

„პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.