მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზისუბანში ახალი 20 მლნ ლარიანი ტურისტული კომპლექსი შეიქმნა

5dc15432f069b
ლიკა გურაბანიძე
10.11.19 11:09
2719
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ახალი ტურისტული კომპლექსი „ვაზისუბნის მამული“ შეიქმნა, რომლის გახსნაც 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

როგორც BM.GE-ს „შპს ვაზისუბნის მამულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია მშვიდობაძემ განუცხადა, ადგილზე მეღვინეობის კომპლექსი (46 ჰექტარზე), სასტუმრო და ქარხანა განთავსდება.

„ადგილზე სულხან ჭავჭავაძის ისტორიული სასახლეა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ჩვენ მისი რესტავრაცია გავაკეთეთ და მას პირვანდელი სახე აღვუდგინეთ. კომპლექსში 19 ნომრიანი მაღალი კლასის ბუტიკ სასტუმრო განთავსდება, რომელიც ჯამში 3 სართულიანი იქნება და 35 სტუმარს უმასპინძლებს. კომპლექსში რესტორანი და სასტუმრო ნოემბერში სატესტო რეჟიმში გაიხსნება, ხოლო საბოლოო გახსნა 2019 წლის ბოლომდე მოხდება,“ - განაცხადა მშვიდობაძემ.

მისივე განმარტებით, „ვაზისუბნის მამულში“ ორი ბრენდია გაერთიანებული: „ვაზისუბნის მამული“, რომელიც ქვევრის ღვინოს აწარმოებს, ასევე „ქართული მზე“ რომელიც ევროპულ ღვინოს აწარმოებს.

ასევე ტერიტორიაზე ქარხანა შენდება, რომელსაც 500 ტონაზე გათვლილი ყურძნის გადამუშავება შეუძლია. ქარხანა წლის ბოლომდე აშენდება და მასში 5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ქარხნის მშენებლობის თანხის გარდა კომპლექსის მოწყობაში დამატებით 15 მლნ ლარი ჩაიდო.

 „შპს ვაზისუბნის მამულის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპლექსს ღვინის პლატო აქვს, სადაც სამომავლოდ საკოლექციო ვენახები მოეწყობა.