მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვცდილობთ ფასის ზრდა ინფლაციაზე დაბალი იყოს - "ნატახტარის" გენდირექტორი

61c5acdc0b6e0
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.21 21:40
566
თურქული Efes Holding-ის ქართული შვილობილი, "ნატახტარი" მთავარ გამოწვევად ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას ასახელებს. კომპანიის გენერალური მენეჯერი ერთან კურტი ამბობს, რომ ისინი ცდილობენ სარეალიზაციო ფასები ინფლაციასთან შედარებით უფრო ნაკლები ტემპით გაზარდონ.

“მთავარი გამოწვევა ფასების ზრდაა. დანახარჯები იზრდება, შესაბამისად, ფასებზე ზეწოლა მოდის, ამის დანახვა ინფლაციის მაჩვენებლიდანაც არის შესაძლებელი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფასებზე ზეწოლას გავუძლოთ, თუმცა ეს გამოწვევაა და არამხოლოდ სექტორისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

ყველა ნედლეული ძვირდება, ეს იქნება შაქრის ფასი, ალაოს თუ ალუმინის ფასი და ამას კომპანიებზე ზეწოლა აქვს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ფასი გავზარდოთ იმაზე უფრო მცირედით, ვიდრე ინფლაციაა. როგორც წესი, ფასის მატება სეზონზე არ ხდება და ლუდის ბიზნესში დატვირთული სეზონი არის ზაფხული.

ჩვენ ნაწარმი ძირითადად დსთ-ს ბაზარზე გაგვაქვს, ჯამში 20-ზე მეტ ქვეყანაში.

2021 წელს გაყიდვებით უკვე გადავაჭარბეთ, როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის შედეგებს, რაც კარგი სიახლეა. ლუდის ბაზარი მზარდია, ესეც კარგ სიახლეს წარმოადგენს. ჩვენ დაინტერესებული ვართ არამხოლოდ ჩვენი საბაზრო წილის გაზრდით, არამედ მთლიანად ბაზრის განვითარებით და მისი ზრდის ხელშეწყობით, რისთვისაც მარკეტინგშიც ვდებთ თანხებს,”- ამბობს ერთან კურტი.

“ნატახტარი” ამჟამად დამატებით ინვესტიციებს აკეთებს ორ ახალ საწარმოო ხაზში, რათა კომპანიამ გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოს.

2020 წლის ანგარიშის მიხედვით, "ნატახტარის" ჯამური შემოსავალი 126.4 მილიონი ლარი იყო. აქედან ქართულ ბაზარზე კომპანიის გაყიდვებმა 50.4 მილიონი ლარი, ექსპორტმა კი 56 მილიონი შეადგინა. კომპანიისთვის ყველაზე მზარდი მიმართულება სწორედ პროდუქციის ექსპორტი იყო.