21.ივნისი .2021 17:48

„ვცდილობთ საპენსიო სესხების პროცენტი ლოგიკურ ნიშნულამდე დავიყვანოთ“ - გიორგი წოწკოლაური

„ვცდილობთ საპენსიო სესხების პროცენტი ლოგიკურ ნიშნულამდე დავიყვანოთ“ - გიორგი წოწკოლაური
views 442
უკან

დღეს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილეს. სხდომა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პენსიონერები და დეპუტატები ესწრებოდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაურიანი განხლვის ერთ-ერთი თემა საპენსიო სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო. 

სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, რომ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი „ლიბერთი ბანკთან“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ლოგიკურ ნიშნულამდე შემცირების საკითხზე უკვე მსჯელობს. წოწკოლაურმა „ლიბერთი ბანკთან“ სახელმწიფოს მხრიდან დადებული ხელშეკრულების დღემდე არსებულ პირობებზეც ისაუბრა.


„პენსიონერები სახელმწიფოსთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. დღეისთვის აღნიშნულ ჯგუფზე 250 მლნ ლარი იხარჯება. ეს არის მათი მკურნალობის, დიაგნოსტიკის, საოპერაციო და მედიკამენტების ნაწილი. აქ არ შედის სოციალური პაკეტების ნაწილი. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ არც თუ მცირე თანხაა. ეს არის ბიუჯეტის რესურსი.

პენსიონერებიდან 230 000 ადამიანია, რომელსაც სპეციალური მომსახურება სჭირდება, აქედან 65 000 ადამიანს პენსიას ბინაზე აწვდიან. იმისთვის, რომ რომელიმე ბანკისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭება არ მომხდარიყო, 2019 წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სატენდერო პირობების განხილვა და დასრულება სამი წლით გადაწეულიყო, რომ მონოპოლიასთან დაკავშირებით განცდა და ფიქრი არ ყოფილიყო.

2014 წელს ახალი კონკურსი გამოცხადდა, მანამდე სახელმწიფო პენსიის დარიგებაში 17 მლნ ლარს იხდიდა. როდესაც ახალი კონკურსი ჩატარდა და „ლიბერთი ბანკმა“ კონკურენციის გარეშე მოიგო, ამის შედეგად სახელმწიფოს მიერ პენსიის დარიგებაზე გადახდილი თანხები განულდა; 

დღეს მთავრობაში განიხილება, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. ლოტების მიხედვით, ან კონკრეტულად ამ 230 000 ადამიანზე გავაკეთოთ ცალკე მომსახურება და დანარჩენს თავისუფლება მივცეთ. ამ წლის ბოლომდე ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, შესაბამისად საკონკურსო მიმართულებით პროცედურები დაიწყება. მანამდე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც მეც ვარ და ჩვენ რეგულარულად ვხვდებით „ლიბერთი ბანკს“ და ვცდილობთ ეს პროცენტი ლოგიკურ ნიშნულამდე დავიყვანოთ. ამ პროცესში ჩართვა ნებისმიერს შეუძლია“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

საპენსიო სესხების პროცენტის დაწევასთან დაკავშირებით თავის მხრივ კომიტეტზე განმარტება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ბანკსა და მომხმარებელს შორის საპროცენტო განაკვეთის დარეგულირება, მარეგულირებლის მანდატს სცდება.

„ვალის მაღალი ტვირთი ბევრს აწუხებს და ეს მხოლოდ პენსიონერებს არ ეხება. ეს ხალხი ხშირად მოგვმართავს ჩვენ, რადგან ბანკების მარეგულირებელი ვართ და ხშირად ელიან ჩვენგან, რომ ამ საკითხების მოგვარებაში დავეხმარებით. ჩვენ ახლოს მიგვაქვს გულთან და ვცდილობთ, მომხმარებლისთვის სასიკეთო გამოსავალი ვიპოვოთ. უბრალოდ, სამწუხაროდ, ყველა შემთხვევა ჩვენს ძალაუფლებაში არ ჯდება და ჩვენთვის საპარლამენტო მანდატით მონიჭებულ საკანონმდებლო უფლებებს აღემატება, ხშირად აღემატება.

ბანკსა და მსესხებელს შორის გაცემული სესხის პროცენტის განსაზღვრისა და დარეგულირების უფლება არ გვაქვს. ეს სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება. ჩვენ მომხმარებლების დაცვის მანდატი გვაქვს და ამ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ საბანკო ურთიერთობები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ და დასძინა, რომ საპენსიო სესხებთან მიმართებით სახელშეკრულებო პირობები ნათელია, რაც წინა წლებში ასე არ იყო და პენსიონერს შეფარული ხარჯების დაფარვა უწევდათ.

ინფორმაციისთვის, “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა პარლამენტში 12 აპრილს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საპენსიო კრედიტების ეფექტური წლიური განაკვეთები საშუალოდ 30.65%-ს შეადგენს, რაც არც ძვირია და არც იაფი, არამედ “საბაზრო” განაკვეთია.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გიორგი ვაშაძის ინიციატივას საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა