04.სექტემბერი .2019 11:46

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

views 386
უკან

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას ერთმანეთთან დააკავშირებს.

„ვიწყებთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან დაიწყება ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან და მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას დააკავშირებს. იცით, რომ უკვე დაწყებულია ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა. ეს ახალი კვანძი ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილია, ხოლო მესამე იქნება მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით, მარჯვენა-მარცხენა სანაპიროზე გადამსვლელი ხიდი სამტრედიის ქუჩას დაუკავშირდება. ამ პროექტზეც მიმდინარეობს მუშაობა. „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერს ვაცხადებთ და შემსრულებელ კომპანიას შევარჩევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, პროექტი მომზადებულია მაღალი სტანდარტით და ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას პასუხობს.