მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ველოდებით, რომ 25 მაისს გავიხსნებით" - ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე

5ec50ffce7ee1
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.20 15:39
1660
საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა დააჩქარა. განახლდა სამშენებლო სამუშაოები, გაიხსნა ყველა სახის მაღაზია, გარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლისა, ასევე, სალონები და ესთეტიკის ცენტრები. ამ დრომდე დახურული რჩება სავაჭრო მოლები. ამასთან, არ ამუშავებულა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო-სარემონტო მასალების რეალიზაციის ადგილი - "ელიავას ბაზრობა".

დღეს, თბილისის მერიაში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვის - რატომ არ იხსნება ელიავას ბაზრობა, საპასუხოდ მერის მოადგილე მაია ბითაძემ ბაზრობის განვითარების გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოგვიანებით კი, BM.GE-ისთან საუბარში მერიამ განმარტა, რომ ელიავას ბაზრობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით დაიხურა და მისი გახსნა იმ რეკომემდაციებზე იქნება დამოკიდებული, რაც სხვა ბაზრობებსაც ეხება.

BM.GE ბაზრობის ერთ-ერთი მმართველი კომპანიის „ჯითის“ დირექტორს თეა ანდრიაძეს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როდის ელიან ბაზრობის ადმინისტრაციაში ამოქმედებას და რა კავშირშია განვითარების გეგმა გახსნასთან.

როგორც თეა ანდრიაძე განმარტავს, ბაზრობის ადმინისტრაცია მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მათ ბაზრობის ამოქმედებისას გასათვალისწინებელი რეგულაციები გააცნეს.

„ღია ტიპის ბაზრობის გახსნა მთავრობის მიერ შემუშავებული და პრემიერის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით 25 მაისს უნდა განხორციელებულიყო. ვინაიდან ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა დაგეგმილზე ბევრად ადრე გაიხსნა, მთელი სექტორები დააჩქარეს და გახსნეს ადრე, ჩვენი მოვაჭრეები გვთხოვდნენ, რომ იქნებ დაეჩქარებინათ ელიავას ბაზრობის გახსნაც, რადგან მათ აქვთ ვალები და უნდოდათ, ცოტა ადრე გახსნა.

როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა ჩვენი ადრე გახსნა. გასულ კვირას შევხვდით მთავრობის წარმომადგენლებს; შეხვედრა დასრულდა იმით, რომ გაგვაცნეს ბაზრობების რეგულაცია, რომელიც ახლახანს დაწერეს, არაფერი იქ შეუსრულებადი არ არის, არაფერი ახალი შიგნით არ წერია და გვითხრეს, რომ ბაზრობა სხვა ღია ტიპის ბაზრობების მსგავსად 25 მაისს გაიხსნებოდა. ვერ მოხერხდა ამ თარიღის გადმოწევა, რაღაც მოხდა, ვერ გეტყვით რა, შეიძლება კომუნიკაციის ნაკლებობა, თუ ტექნიკური ნაკლებობა იყო, ცოტა მოუმზადებლობა, თუმცა არა ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ორი კვირაა ვეხვეწებით, რომ მზად ვართ და გავიხსნებით. ეს რეგულაციები 2 დღით ადრე კი არ უნდა დაწერილიყო, 2 კვირით ადრე უნდა დაეწერათ...
ჩვენ ველოდებით,, რომ ბაზრობა გაიხსნება 25 მაისს, მოიჯარეები ჩართულები არიან ამ პროცესში“, - განმარტავს ბაზრობის ერთ-ერთი მმართველი კომპანიის დირექტორი.

რაც შეეხება ბაზრობის განვითარების მოდელის შემუშავებას, თეა ანდრიაძის თქმით, ეს პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და ბაზრობის გახსნა მისი განვითარების გეგმაზე არ არის დამოკიდებული.

„გეგმის შემუშავება პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს, მე მაგაში პრობლემას არ ვხედავ. ის ჩვენი შეთანხმება რაც იყო მერიასთან, ბაზრობის გახსნასთან არანაირ კავშირში არაა; როდესაც ჩვენი და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, იქ ითქვა, რომ უნდა მოხდეს საერთო გეგმის ფარგლებში ელიავას ბაზრობის განვითარების გეგმის შემუშავება და ყველა მესაკუთრე თანაბარი პირობებით იქნებოდა დაკმაყოფილებული. ამ გეგმის შემუშავება მერიამ თავის თავზე აიღო, თუმცა ამ პერიოდში დაემთხვა კორონავირუსის გავრცელება და ყველაფერი შეჩერდა, მაგრამ ეს ბაზრობის შეჩერებასთან კავშირში არ არის“, - განმარტავს თეა ანდრიაძე.