მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდით, რომ ბიზნეს-სახლის პროექტი განხორციელდებოდა... ეს იქნებოდა ბრწყინვალე დანატოვარი - თამაზ დაუშვილი

600d1de0b560d
ინგა მურუსიძე
24.01.21 11:20
982
ბიზნეს სახლის პროექტი, რომელიც შეწყდა, იქნებოდა ბრწყინვალე დანატოვარი, - ამის შესახებ კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაზ დაუშვილმა FORBES-კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რომელი შეწყვეტილი რეფორმა დააკლდა ბიზნესს –  „იყო ძალიან ბევრი გეგმა, იუსტიციის სახლის ფორმატის გაფართოება, ბიზნეს სახლი, შეიძლებოდა დაწყებული რეფორმების გაგრძელება. ეს მოაკლდა ბიზნესს?“ - მიმართა წამყვანმა დაუშვილს.

თამაზ დაუშვილის თქმით, პირადად ის ელოდა, რომ იუსტიციის სახლის პროექტი იქნებოდა ნიმუში და სწორედ იმას გადაიტანდა მთავრობა ბიზნეს სახლის პროექტად, რაც მისი შეფასებით, კარგი დანატოვარი შეიძლებოდა ყოფილიყო.

„მოლოდინი იყო, რომ ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებდა უფრო მეტად გაიოლებულ და ორგანიზებულ სერვისს. დაანონსებულიც კი იყო და კაფსულაც ჩაიდო ბიზნეს სახლის, სამწუხაროდ, ეს პროექტი ბოლომდე ვერ მივიდა. დრო ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, რაც უფრო სწრაფად გაკეთდება საქმე და რაც უფრო სწრაფად მივიღებთ სახელმწიფო სერვისებს, მით უფრო გაიოლდება ბიზნესის კეთება“, - განაცხადა დაუშვილმა.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ინვესტორებისთვის ბიზნეს-სახლის პროექტი დამატებითი ფაქტორი იქნებოდა.

„ბიზნეს სახლის ბაზაზე შეიძლებოდა შექმნილიყო განსაკუთრებული განყოფილება, რომელიც მოიზიდავდა უცხოელ ინვესტორებს და მისცემდა იმ სერვისს, რომელიც მათ სჭირდებათ, ერთ სივრცეში. ახლა მიდის საუბარი, რომ ყოველგვარი წესების გარეშე მოიზიდონ ინვესტიცები. ვხვდებით, რომ ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანი აქტივია, რომელზეც მსოფლიოში ნადირობაა, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოვიფიქრეთ, რომლითაც უცხოელ ინვესტორს ვაჩვენებთ, რით განსხცვავდება ჩვენი ქვეყანა მაგალითად ხორვატიისგან, გაგვიჭირდება ინვესტიციების მოზიდვა, ხოლო ამის გარეშე სწრაფი ეკონომიკური ზრდა გამორიცხულია“, - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს სახლის აშენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში დააანონსა. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა ბიზნესსა და სახელწმიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს, გააუმჯობესებდა მიწოდების ხარისხს და შეამცირებდა მომსახურების დროს და დანახარჯებს.

უკვე მეხუთე წელია პროექტი შეჩერებულია, თუმცა 2017 წლის ბოლოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბიზნეს სახლის პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 82 მლნ ლარი გადაურიცხა, რომელიც ამ დრომდე სხვადასხვა კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე დევს და სარგებელი ერიცხება.