მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისია: მოვუწოდებთ საქართველოს, შეიცვალოს ელ.კომუნიკაციების კანონის პრობლემური ნორმები

6059af119f543
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.21 12:54
2237
"კანონის ახალი ნორმები ვერც პროპორციულობის და ვერც ლეგიტიმურობის ტესტს ვერ პასუხობენ", - ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში 2020 წელს დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს აფასებს. 

ელექტრონული კომუნიკაციების კანონი გასულ წელს შეიცვალა და მის შედეგად კომუნიკაციების კომისიას კომპანიების სანქცირების სახით მათში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებები მიეცა. ცვლილებები მეტწილად კომისიასა და "კავკასუს ონლაინთან" დავით იყო განპირობებული და კომისიამ ის 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ კომპანიის წინააღმდეგ გამოიყენა.

საქართველოში კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართა ევროპული საბჭოს მონიტორინგის საპარლამენტო კომიტეტმა და კომისიას ამ კანონის შეფასებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველის დანიშვნა გასაჩივრდა როგორც ადგილობრივ სასამართლოში, ასევე კომპანიის მეწილემ NEQSOL ჰოლდინგმა ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში (ICSID) გაასაჩივრა.

ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში საუბარია, რომ კომისიის წარმომადგენლებმა ახალი კანონის შეფასებისთვის 2021 წლის თებერვალში გამართეს ვიდეოკონფერენციები როგორც კომუნიკაციების კომისიის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების, საქართველოს ბიზნესსექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მოისმინეს კანონმდებლობის შესახებ არგუმენტები.

ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები რიგ პრობლემებს შეიცავს და ის ვერც ლეგიტიმურობის და ვერც პროპორციულობის ტესტს ვერ აკმაყოფილებს. მეტიც, კომისიის შეფასებით, ახალი კანონმდებლობის შედეგად საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ საკუთარი უფლებები იმდენად გაიფართოვა, რომ ვენეციის კომისია ვერ პოულობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში ანალოგს, რომ კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს კომპანიების მიმართ ასეთი შეუზღუდავი უფლებები გააჩნდეს.

"კანონის მიერ კომისიისთვის მინიჭებული უფლებები არის იმდენად ფართო და ყოვლისმომცველი, რომ მათი მეშვეობით კომპანიის მესაკუთრეები რჩებიან კომპანიაზე ეფექტიანი საკუთრების განხორციელების მიღმა, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომპანიაში გადაწყვეტილებების მიღების ან სხვა პროცესებში", - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში არსებული ჩანაწერის მეშვეობით კომუნიკაციების კომისიას კომპანიებზე “დე ფაქტო კონტროლის განხორციელება შეუძლია”.

გადაწყვეტილებაში საუბარია თავად კომუნიკაციების კომისიის არგუმენტებზეც, რომლის განცხადებითაც, ეს კანონი აუცილებელია, რადგანაც მას “კრიტიკული ინფრასტრუქტურის” და “ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის” მოვალეობა აქვს, თუმცა ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ არსად ქართულ კანონმდებლობაში არ არის განმარტებული, თუ რას წარმოადგენს “კრიტიკული ინფრასტრუქტურა”. “ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის” არგუმენტთან დაკავშირებით კი ვენეციის კომისია წერს, რომ ეს არგუმენტიც ზედმეტად ფართოა; ამასთან, თავად ქართული კანონმდებლობა არ ზღუდავს უცხოეთის მოქალაქეების ან უცხოური კომპანიების მიერ საქართველოში საკუთრების ფლობას.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ვენეციის კომისია საქართველოს მოუწოდებს, რომ გაუქმდეს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მეთერთმეტე მუხლში შეტანილი ცვლილებები, ასევე ახლიდან ჩამოყალიბდეს კანონის 46-ე მუხლში არსებული ჩანაწერები, საკითხთან დაკავშირებით ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), ასევე განისაზღვროს, რომ აღნიშნული რეგულირება სამაუწყებლო ოპერატორებს არ ეხებათ.