მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისიის კრიტიკის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია კანონში ცვლილებების მომზადებას არ გეგმავს

617023a435632
სალომე მეცხვარიშვილი
21.10.21 09:45
671
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად კომუნიკაციების კომისია კანონში ცვლილებების მომზადებას საკუთარი ინიციატივით არ აპირებს. საუბარია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონზე, რომელიც გასული წლის ზაფხულში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას საშუალება მიეცა კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნოს. სპეცმმართელის მთავარი ფუნქციაა, აღასრულოს მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაზეც თავად კომპანია უარს აცხადებს.

დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ვენეციის კომისიამ მწვავედ გააკრიტიკა. კომისია წერდა, რომ “კანონის ახალი ნორმები ვერც პროპორციულობის და ვერც ლეგიტიმურობის ტესტს ვერ პასუხობენ". ვენეციის კომიისია აცხადებდა, რომ სპეციალურ მმართველს განუზომლად დიდი უფლებამოსილებები ენიჭებოდა და მსგავს პრაქტიკას ევროპული სამართალი არ ცნობდა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე, უნდა მომხდარიყო რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა აღმოფხვრილიყო ის ხარვეზები, რაც დაჩქარებულმა საკანონმდებოლო ცვლილებებმა გამოიწვია, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

მიუხედავად იმისა, რომ სადაო საკანონმდებლო ცვლილებების ავტორად შარშან კომუნიკაციების კომისია მოგვევლინა, დღეს მარეგულირებელში ამბობენ, რომ დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა პარლამენტის კომპეტენციაა.

“შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ საჭიროა დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, კომუნიკაციების კომისია მზადაა, ჩაერთოს სამუშაო პროცესში”, - განუცხადეს “საქმის კურსს” კომუნიკაციების კომისიაში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შორის იყო:

- ჩატარდეს რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) და კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან;

- შესწორდეს 46-ე მუხლის პირველი პუნქტი, ისე რომ შესაბამისობაში მოვიდეს ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის პირველ და მე-10 მუხლებთან;

- დაზუსტდეს 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლები შემდეგი ტერმინების განმარტების გზით: “ქვეყნის ეკონომიკური ინტერსი”, “კრიტიკული ინფრასტრუქტურა” და “უსაფრთხოების ინტერესები”;

- შეიცვალოს 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ისე, რომ ჩანაწერი ნათლად ადგენდეს, რომ შესაბამისი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მაუწყებლობის განმახორციელებელ ელექტრონული კომუნიკაციების ოპერატორებზე.

- გაუქმდეს მე-11 მუხლში შესული ცვლილება და დაუბრუნდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად პრინციპს, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების კომისიის მიერ 46 (1) მუხლის საფუძველზე მიღებული დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება გამოიწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

- ნათლად განისაზღვროს 46 (1) მუხლის საფუძველზე სპეციალური მმართველის დანიშვნის შემთხვევაში დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის უფლებამოსილი პირი და გასაჩივრების ვადები; მხარეთა თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, მკაფიოდ განისაზღვროს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე პირს უნდა მიეცეს თავისუფალი წვდომა გასაჩივრებისათვის საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებზე.