მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ დაგეთანხმებით, რომ დღეს "ომის ბიუჯეტი" უნდა გვქონდეს - გიორგი კაკაურიძე

634424133c23e
ინგა მურუსიძე
10.10.22 18:39
641
ვერ დაგეთანხმებით, რომ დღეს "ომის ბიუჯეტი" უნდა გვქონდეს, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ გრიგოლ ვაშაძის მიერ დასმულ შეკითხვას.

პარლამენტის კომიტეტებში დღეს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ. დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ პროექტს „მშვიდობის დროის“ უწოდა და თქვა, რომ მას მხარს არ დაუჭერს.

„მე ამ ბიუჯეტს ხმას ვერ მივცემ, რადგან ეს არის მშვიდობიანი დროის ბიუჯეტი და ვართ ომში. ის, რომ შს სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთად თითქმის ორჯერ მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს, ეს არის სრული კატასტროფა, რის იმედზე ვართ, მე არ ვიცი. ასევე, როდემდე უნდა იყოს მივიწყებული უპატრონოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო? სულ სხვა პოლიტიკური ძალები მოდიან ევროპაში. არც ერთ საელჩოს ერთის გარდა, ამ ახალ ძალებთან შეხება არ აქვთ, რადგან უმრავლესობა, ვინც იქ არის, თავს გრძნობს სანატორიუმში. არ შეიძლება ასე გაგრძელება იმის იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - მიმართა ვაშაძემ კაკაურიძეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ნამდვილად არ იქნება სწორი, რომ „ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას თავი დავანებოთ და მხოლოდ ომის ბიუჯეტი გვქონდეს, მიუხედავად იმ რისკების და საფრთხეებისა, რომელიც არის".

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, შეიარაღების შესყიდვის ნაწილში მოლაპარაკებები დაიწყო და პროცესი დაწყებულია.

“თუმცა ის, რომ მთელი რესურსი საომარი ბიუჯეტისკენ მივმართოთ, ეს სწორი გადაწყვეტილება არ იქნება - არ ვფიქრობ, რომ ჩვენ საომარი ბიუჯეტი უნდა გვქონდეს! ასეთ შემთხვევაში არ უნდა ვსაუბრობდეთ არც პენსიის ზრდაზე, არც ეკონომიკური განვითარების პროგრამებზე და ყველაფერი სხვა მიმართულებით უნდა იყოს გადართული.

შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავდაცვის სამინისტროზე ორჯერ მეტი დაფინანსება არ აქვს.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ 260 მილიონი ლარია, მაშინ როდესაც შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ორივე ერთად, არის მცირედით ნაკლები, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.