მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვერ მივიღებ შენიშვნას, რომ რაღაცას ვაკლებთ ადამიანებთან ურთიერთობაში“- იმნაძე

614a2099101be
თათია ჩაფიჩაძე
21.09.21 23:00
462
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ აცრების შემცირებული ტემპების მიუხედავად, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა რეალისტურია. Bm.ge-თან საუბრისას იმნაძე ამბობს, რომ თბილისში სამიზნე მაჩვენებლები უკვე მიღწეულია და ახლა მთავარი აქცენტი რეგიონებზე კეთდება.

მისივე შეფასებით, ბანერების ჩამოხსნის მიუხედავად, პანდემიასთან ბრძოლა სრული ძალისხმევით, სოფლებში აქტიური კომუნიკაციით გრძელდება, თუმცა რა ჯდება ჯამში საინფორმაციო კამპანია, იმნაძეს პასუხი არ აქვს.

„პროგნოზები არ გადახედილა, ის რაც არის დაგეგმილი წლის ბოლომდე, იმ მაჩვენებლებზე გასვლას ვგეგმავთ. მართალია დღეს ტემპი შემცირებულია, მაგრამ იმედი გვაქვს ისევ და ისევ ჩვენი რეგიონების მოსახლეობასთან გააქტიურებით ეს შესაძლებელი იქნება.

უნდა თქვას, რომ თბილისში თითქმის შესრულებული გვაქვს ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, გაცილებით ცუდი სიტუაციაა რეგიონებში, სადაც მე და ჩემი კოლეგები თითქმის ყველა დავდივართ ლამის სოფელ-სოფელ, პირადად მე ცოტა ხნის წინ ვიყავი კახეთში, მანამდე გურიაში, მანაამდე აჭარაში, სამეგრელოში, ვხვდებით როგორც კოლეგებს, ასევე პედაგოგებს, მშობლებს. "იუნისეფს", რომელიც გვეხმარება დიდი მადლობა ამისთვის. მათ გარეშეც დავდივართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უშუალო კომუნიკაციით მოვახერხოთ აცრების უსაფრთხოებაში მათი დარწმუნება.

იმდენი სხვადასხვა წყაროთი ფინანსდება ეს აქტივობები, გამიჭირდება ერთიანი რიცხვის დასახელება. დაწყებული ჩვენი ფინანსებით, გაგრძელებული "იუნისეფის" და მსოფლიო ბანკის ცალკე პროექტით, ასევე ჯანმო გვეხმარება, ნამდვილად არ შემიძლია საერთო რაოდენობაზე ვისაუბრო. ფაქტი ერთია, რომ აქტივობა გაშლილია მთელ საქართველოში. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ როცა პირადად ესაუბრები ადამიანებს, თუნდაც სკეპტიკურად განწყობილებს, მათი მაქსიმალური რაოდენობა შემდეგ აცხადებს რომ მზად არის აცრებისთვის. პირადად მაქვს ნახევარი საქართველო მოვლილი მეც და ჩემს კოლეგებსაც, ვინც ჩართულია იმუნიზაციის პროცესში. ვერ მივიღებ შენიშვნას, რომ რაღაცას ვაკლებთ ადამიანებთან ურთიერთობაში, მაგრამ მედიის როლი და მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა", - ამბობს იმნაძე.