მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვერ შევთანხმდით“ - მთავრობა რუსულ ფქვილზე დამაბალანსებელი გადასახადის დაწესებას არ აპირებს

642ad16e15254
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.23 18:13
883
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ბიზნესი და სახელმწიფო მეხორბლეთა მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე ვერ შეთანხმდა. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მეხორბლეებთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი უკვე ერთი წელია გრძელდება და შეხვედრები დარგის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. მინისტრი თვლის, რომ დარგის შეთავაზება ვერ დააზღვევს პურის ფასს და მხარეებს შორის შეთანხმება ამიტომ ვერ მოხდა.

„ერთი რამ არის ამის მიზეზი - ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვიქნებით დაცული, რომ პურის ფასი არ გაიზრდება, შესაბამისად, დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ შეიძლება პური გაიაფდეს, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რთულია და ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პურის ფასის გაზრდას თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც ხელს შეუწყობს ხელს და ხვალ თუ ზეგ, თუ მომავალ პერიოდში, პურის და ხორბლის ფასის ზრდა თუ მოხდება, ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება პურის ფასზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ შევთანხმდით ამაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ ხორბლის ადგილობრივ გადამუშავებაზეც ისაუბრა, რომელიც ამ დროისთვის გაჩერებულია და თქვა, რომ წისქვილები მალე განაახლებენ მუშაობას. მინისტრმა ხორბლით ქვეყნის თვითუზრუნველყოფის პოლიტიკის შესახებაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ფერმერებს ამ მხრივ ხელს შეუწყობს.

„რაც შეეხება წისქვილკომბინატების მუშაობას, წელს 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 40 000 ტონა ხორბალი და ამავე რაოდენობის ფქვილია შემოსული, ანუ ვერ ვიტყვით, რომ ხორბალი არ შემოდის, მართალია მცირე რაოდენობით...

ჩვენი პოლიტიკაა, რომ ფერმერებს ხელი შევუწყოთ აწარმოონ მეტი პროდუქცია, მეტი მოსავალი ჰქონდეთ, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით 3-4 ტონა კი არა, არამედ 5-6 ტონა. ამ ნაწილში ჩვენი ექსპერტების ჩართულობა ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მათ ნაკლები თვითღირებულებით, მეტი შემოსავალი მიიღონ. ხორბლის თვითუზუნველყოფის 50%-მდე გაზრდის პოლიტიკა ძალაში რჩება და ამის გაკეთების არანაირი პრობლემა არ იქნება.

ადგილზე წისქვილები ეტაპობრივად დაიწყებენ მუშაობას. ეს დამოკიდებულია ფასებზე, რომელიც დღეს არსებობს, თუმცა ჩვენ ახალ მოსავალს ველოდებით და ფასები თავიდან ჩამოყალიბდება. შესაბამისად, ნუ ვიქნებით პესიმისტები და ვიყოთ ოპტიმისტები და ამ ნაწილში ფერმერებისთვის არ იქნება წამგებიანი, პირიქით მომგებიანი იქნება აწარმოონ ხორბალი და მიიღონ მეტი მოსავალი, ჩვენ ამ პროცესში ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ ასევე მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ მარტის დასაწყისში მთავრობას შეთავაზებით მიმართა. დარგის მთავარი გამოწვევა დახურული ადგილობრივი წისქვილები და ჩაუბარებელი ხორბალია.

სექტორის შეთავაზება სახელმწიფოს შემდგომში მდგომარეობს: დაწესებულ იქნას დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს.

ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას და იღებენ შემდეგ ვალდებულებებს :

1. წისქვილკომბინატების მიერ ე.წ. „მასობრივი მოხმარების“ პურზე ფასის გარანტირებულ შენარჩუნებას;

2. ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელი ხორბლის მოსავლის გარანტირებული შესყიდვას ხარისხების შესაბამის ფასად (დღეს წისქვილების გაჩერების ფონზე , ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული ფასი საერთოდ არ არსებობს), რაც შეჩერებული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას უზრუნველყოფს;

3. ქვეყანის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას (ხორბლით 2-თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნით).