19.აპრილი .2021 20:50

„ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკა იზრდება, თუმცა ექსპორტთან მიმართებით ძვრა არის“ - ანი კვარაცხელია

„ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკა იზრდება, თუმცა ექსპორტთან მიმართებით ძვრა არის“ - ანი კვარაცხელია
views 305
უკან

2021 წლის იანვარ-მარტში ექსპორტით ქვეყანამ 820.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ზრდა გასულ წელთან შედარებით 5.2% იყო. ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზე გადაცემა „საქმის კურსში“ საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ანი კვარაცხელიამ ისაუბრა.

ის ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკა ცოცხლდება, რასაც სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკაც ადასტურებს.

ანი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს ექსპორტის ზრდა იქნება, რადგან პანდემიის პერიოდში ლოქდაუნების გამო ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო.

„ეკონომიკა მხოლოდ ექსპორტისგან არ შედგება. ბევრი სხვა კრიტერიუმია, რის მიხედვითაც ფასდება რამდენად სახარბიელო მდგომარეობაშია ეკონომიკა. ვერ ვიტყოდი, რომ ეკონომიკა დიდად იზრდება, თუმცა ექსპორტთან მიმართებით ძვრა არის. რეალურად გარდა იმისა, რომ ექსპორტში მატებაა, ჩვენ 2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს (826.0 მლნ. აშშ დოლარი) თითქმის დავუახლოვდით. 2020 წლის ექსპორტის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა, მატება პირველ და შემდგომ კვარტალშიც იქნება, რადგან პანდემიის გამო ეს პერიოდი განსაკუთრებით მეორე კვარტალის შემდეგ ბიზნესისთვის ძალიან წამგებიანი იყო, დახურული იყო თითქმის ყველა ობიექტი და შესაბამისად ექსპორტიც შემცირებული. ამასთან შედარებით ექსპორტის მონაცემები ყველა შემთხვევაში გაგვეზრდება, როგორც არ უნდა წარიმართოს მდგომარეობა, იმიტომ, რომ აცრებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, ვაჭრობა ნელ-ნელა ამოქმედდა და შესაბამისად, ეს დადებითი ციკლი საქართველოზეც აისახება“, - განმარტა ანი კვარაცხელიამ.

მისი შეფასებით, ექსპორტის ზრდის მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის კონკურეტული ქმედებების შედეგი არაა და იმისთვის რომ ადგილობრივი წარმოება აქტიურად იყოს წარმოდგენილი საექსპორტო ბაზრებზე, ხელისუფლებამ არსებულ სამთავრობო პროგრამებს უნდა გადახედოს.

„ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დიდად გადამუშავებული და ღირებულება დამატებული პროდუქტი არ გაგვაქვს და შესაბამისად რაც გაგვაქვს ყოველთვის მოთხოვნადი პროდუქტია და ამიტომ ექსპორტის კლება ნაკლებად შეგვეხო, ვიდრე შეიძლებოდა რომ შეგვხებოდა. ექსპორტის ზრდას ან კლებას მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ დავაბრალებთ, პირიქით ამან შეიძლება ექსპორტი დააზიანოს. მომავალში ადგილობრივი წარმოებების ხელშეწყობის ის პროგრამები უნდა გადაიხედოს და გაანალიზდეს, რაც გვაქვს.

ბოლო 10 წლის მანძილზე ექსპორტი დიდად არ განვითარებულა, პროდუქტებიც და კომპანიებიც იგივეა. პანდემიამ მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან დაარტყა, შესაბამისად გასაკეთებელია ანალიზი როგორ შეიძლება ამ ბიზნეს თუნდაც გადასახადების კუთხით დავეხმაროთ, რომ მათ წარმოება უფრო ამოქაჩონ და ქვეყნის გარეთ გაიტანონ“, - განაცხადა ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა