მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერა ქობალია: ინვესტორებში ანაკლიის პროექტზე ნდობის გაჩენა რთული იქნება

5ebffa527a97e
თელარა გელანტია
17.05.20 09:20
1938
„ახლა ძალიან რთული იქნება რომელიმე ინვესტორს ანაკლიის პროექტზე ნდობის ფაქტორი გაუჩინო“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა განაცხადა.

bm.ge-მ ყოფილ მინისტრს ჰკითხა - რამდენად შესაძლებელია, რომ პანდემიიდან გამომდინარე გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე გადალაგება გახდეს ახალი შანსი ანაკლიისთვის.

ვერა ქობალია, რომელიც ამჟამად კანადაში ცხოვრობს და რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან სხვადასხვა პროექტზე მუშაობს, აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საერთაშორისო დონეზეც საინტერესოა, მაგრამ არის გარკვეული კითხვის ნიშნები.

„თვითონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ძალიან საინტერესოა; ბოლო პერიოდში ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და კომპანიასთან მქონდა ამ პროექტზე საუბარი; ყველა ამბობდა, რომ ესაა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ, რაც შეიძლება ხდებოდეს საქრათველოში, მაგრამ იმდენად პერსონალური ინეტერესები შეიჭრა ამ პროექტში, ისეთი რაღაცეები მოხდა, რომ ახლა ძალიან რთული იქნება, რომელიმე ინვესტორს გაუჩინო ნდობის ფაქტორი ამ პროექტის მიმართ... რადგან ჩვენთან როცა მონოპოლიებზე ვლაპარაკობ, გვყავს ერთი დიდი მონოპოლისტი და მას ვერ ავუვლით გზას“, - განაცხადა ვერა ქობალიამ.

შეგახსენებთ: “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” (ADC) დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად, 2020 წლის იანვარში მოშალა. ამის მიზეზად, კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებს და სახელმწიფოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების ჩაშლის და მუდმივი საბოტაჟირების მცდელობაში ადანაშაულებს.

13 მაისს, კონსორციუმის CEO-მ ლევან ახვლედიანმა გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, რომ უმსხვილესი საპორტო პროექტის განხორციელების გაგრძელება ყველაზე მარტივად სწორედ კონსორციუმთან პარტნიორობით შეიძლება მოხდეს. ახვლედიანი ამბობს, რომ რეალურად პროექტის შემობრუნება შესაძლებელია თუ მთავრობა ამის ნებას გამოთქვამს. ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან არსებობს საკმაოდ დიდი დაინტერესება, რათა პორტი და მისი შემადგენელი თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნას.

თავის მხრივ, მთავრობაში აცხადებენ, რომ კონსორციუმს მეტ შანსს არ მისცემენ და ახალი საერთაშორისო ტენდერისთვის ემზადებიან.