მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერცერთ მაღაზიას ვერ მიუდგები მანქანით ისე, რომ არ დაჯარიმდე, ეს ბიზნესს აზარალებს - „კუმისი"

639b2e18b08e7
BM.GE
18.12.22 13:20
3821
სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის დედაქალაქში საპარკინგე ადგილები გამოწვევად რჩება. ამ საკითხზე გასულ კვირაში, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ღონისძიება - „დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა და დისტრიბუცია“ გაიმართა.

კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელიც ამბობს, რომ არსებული სატრანსპორტო პოლიტიკა ბიზნესს აზარალებს. ზურა უჩუმბეგაშვილის თქმით, სადისტრიბუციო მანქანებისთვის თბილისში გადაადგილება დიდი პრობლემაა, რასაც არასწორად პარკირების გამო დაწესებული ჯარიმები კიდევ უფრო ამძიმებს.

„რაც თბილისში ხდება, სხვაგან არსად ხდება. ყველაფერი ერთად არის - არასწორი მოძრაობის წესები, არასწორი საქალაქო სტრუქტურა...წარმოუდგენელია, საღამოს საათებში ქალაქში მოძრაობა. ამას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიხედონ. ბიზნესი ამას ვერ დაარეგულირებს. იმ ქალაქების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, სადაც უფრო დიდი მოსახლეობა და გაცილებით აქტიური სატრანსპორტო მოძრაობაა.

სატრანსპორტო კოლაფსის გამო, ბიზნესს სერიოზული პრობლემები აქვს, რასაც დაემატა ჯარიმების გაორმაგება. ვერცერთ მაღაზიას ვერ მიუდგები მანქანით ისე, რომ არ დაჯარიმდე. ჯარიმის ოდენობა კი იმხელა გახდა, რომ შეუძლებელია გადახდა.

ჩვენს კომპანიას უკვე 10-მდე ჯარიმა გამოუწერეს. რეალურად, ეს ყველაფერი ისევ ბიზნესს აზარალებს, ბიზნესის პრობლემები კი - მოსახლეობას. უნდა გავაანალიზოთ, რომ ბიზნესი რაც უფრო ცუდ სიტუაციაში იქნება, ეს მოსახლეობაზე აისახება“, - თქვა ზურა უჩუმბეგაშვილმა.

ცნობისთვის: პარკირების სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მერიის სტრატეგიის თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით აუცილებლად გაჩნდება დისტრიბუციის მანქანებისთვის გამოყოფილი სპეციალური საპარკინგე ადგილები, ისე, როგორც ეს ამჟამად ტაქსების შემთხვევაშია.