24.დეკემბერი .2019 22:45

"ვერცერთი კურორტის ინფრასტრუქტურა ვერ აუვა ამ ოდენობის მანქანებს" - ბაკურიანის და გუდაურის პრობლემები

views 3272
უკან

ძირითადი პრობლემა, რაც შემდეგ ჯაჭვურად იწვევს სხვა პრობლემებს, არის საცობების პრობლემა, ვინაიდან ვერცერთი კურორტის ინფრასტრუქტურა ვერ აუვა იმ ოდენობის მანქანებს, რა რაოდენობის მანქანებიც დღეს გუდაურში და ბაკურიანში მოძრაობენ, - ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თაზო გამცემლიძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

„ძალიან ბევრი რამე გაკეთდა წელს, მაგრამ ეს არ არის უცებ მოგვარებადი პრობლემები, ამას სჭირდება დრო. ვერანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა ამ დატვირთვას ვერ გაუძლებს, როდესაც საუბარი არის 10 000-14 000 მანქანაზე, ვთქვათ ბაკურიანზე. დაახლოებით 30 000 ადამიანი ჩამოდის ხოლმე პიკურ სეზონზე. ამას ვერანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა ვერ მოერევა გარდა სწორად გათვლილი საპარკინგე სივრცეებისა, გარდა მუნიციპალური ტრანსპორტისა, სადაც ძალიან სწორად უნდა იქნეს მარშრუტები შერჩეული და ოპტიმალური ოდენობები უნდა იყოს ტრანსპორტის, რომ ადამიანს ლოდინი არ მოუწიოს ზამთარში. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ კერძო ავტომობილით მოძრაობა იყოს მაქსიმალურად არაკომფორტული და მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული“, - განაცხადა გამცემლიძემ.

მისივე თქმით, ბევრ ცენტრალურ ქუჩაზე აიკრძალება დგომა-გაჩერება.

„წელს იგრძნობს პირველად ადამიანი დისკომფორტს იმ მხრივ, რომ ერჩივნება მანქანა საერთოდ არ გამოიყვანოს სადგომიდან“, - აღნიშნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა. როგორც bm.ge-ის მთვარობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კონკრეტული წინადადებები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მთავრობის მეთაურს საკოორდინაციო ჯგუფმა წარუდგინა, რომლის შემადგენლობაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები შედიან. საკოორდინაციო ჯგუფი არსებული ვითარების შესასწავლად ზამთრის კურორტებზე გასული კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. შედეგად, კონკრეტულად გაიწერა შესასრულებელი სამუშაოები, ვადები და პასუხისმგებელი მხარეები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა