მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერის პარკის რეაბილიტაცია ADB-სთან თანამშრომლობით განხორციელდება - კახა კალაძე

61668fc9d0757
ვიქტორია მღებრიშვილი
13.10.21 12:05
1182
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვერის პარკის რეაბილიტაცია თბილისის მერია აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით განახორციელებს. ამის შესახებ მან დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პარკის საპროექტო სამუშაოების „ვერის პარკის“ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით წარიმართება. საპროექტო სამუშაოების ღირებულება 700 000 ლარია და ის ერთი წლის ვადაში დასრულდება.

„ჩვენთვის რეკრეაციული სივრცეების არსებობა ქალაქში პრინციპულად მნიშვნელოვანია და მოქალაქეები ხედავენ, თუ რამდენი ახალი სკვერი, რამდენი რეაბილიტირებული, განახლებული პარკი გაჩნდა ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მომავალი თაობებისთვის. დედაქალაქს ამ მიმართულებით აქვს დიდი პოტენციალი, რესურსი და ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება ვერის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. “ვერის პარკის” თანამონაწილეობითი დაგეგმარება იქნება საუკეთესო პრეცედენტი სხვა მწვანე სივრცეების სწორი განვითარებისთვის, მოქალაქეთა ინტეგრაციისა და ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი პროექტია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს.

„არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ძალიან მძიმეა. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი პირვანდელი სახე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.