მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VERSACE - სიმდიდრის და ფუფუნების ისტორია

6389985d68f41
თათია კაკიაშვილი
02.12.22 10:53
694
ჯანი ვერსაჩე - დიზაინერი, რომელიც ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მოდის სფეროში მსოფლიოში ერთერთი გამორჩეული გახდა, იტალიის სამხრეთით, რეჯო კალაბრიაში 1946 წლის 2 დეკემბერს დაიბადა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ბრენდი “ვერსაჩე” - ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული და მაღალი დონის მოდის ბრენდი.

ბავშვობაში ჯანი დიდ დროს ატარებდა დედასთან, რომელსაც პატარა სამკერვალო და ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა. სწორედ ამიტომ, მისი გატაცება მოდით და ტანსაცმლით ადრეული ასაკიდან დაიწყო. მოგვიანებით, ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესდა და რამდენიმე წლის განმავლობაში, დედასთან შეგირდად მუშაობის გამოცდილებით, საკუთარი ბრენდის შექმნის გადაწყვეტილებაც მიიღო. ასე დაიბადა კომპანია Gianni Versace 1978 წელს. მალევე მის ბიზნესს და-ძმა - სანტო და დონატელა შეუერთდნენ.

ბრენდის - “ვერსაჩე” გაგონება ბევრისთვის მის ლოგოსთან, მედუზასთან ასოცირდება. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ “ვერსაჩეს” ქამარი, ფეხსაცმელი თუ საათები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაღალი მოდის გამორჩეული ბრენდის ლოგო - მედუზა ბერძნულ მითოლოგიაში გველის მსგავსი ქალღმერთია, რომელიც სასიკვდილო ცდუნებას წარმოადგენს - პოსეიდონის ცდუნების შემდეგ, მედუზა ათენამ დასაჯა და ისეთად აქცია, რომ მისი დანახვა კაცებს ქვად აქცევდა. ირკვევა, რომ „ვერსაჩეს“ ლოგოში მედუზას გამოყენებაც ამ დატვირთვას ატარებს - იყოს მიმზიდველი და შესამჩნევი. და რაც მთავარია - დასამახსოვრებელი. ეს იყო ჯანი ვერსაჩეს მთავარი მიზანიც - შეექმნა აქსესუარები, რომელიც ყურადღების მიღმა არავისგან დარჩებოდა. 

ბრენდის კრეატიული დიზაინის ხელმძღვანელი ამჟამად დონატელა ვერსაჩეა, რომელმაც ჯანისთან მუშაობა 1970-იან წლებში დაიწყო. მაღალი მოდის ინდუსტრიამ მაშინვე იწინასწარმეტყველა, რომ და-ძმის ერთობლივი მოღვაწეობა „ვერსაჩეს“ ბრენდს და მოდის სახლს გამორჩეულ შედეგებს მოუტანდა. მაშინ “ვერსაჩეს” იმპერია 807 მილიონ დოლარად იყო შეფასებული და მთელ მსოფლიოში 130 მაღაზიას მოიცავდა.

ჯანის სიკვდილის შემდეგ, კომპანიის და ბრენდის მართვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ დონატელამ აიღო, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამ გზით ბრენდის რეპუტაცია არასდროს დაკნინდებოდა. დონატელამ არსებითად გააფართოვა კომპანიის ექსპოზიცია ბიზნეს სექტორებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მალევე “ვერსაჩე” მადონასთან, ჯენიფერ ლოპესთან, ლედი გაგასთან, ბიონსესთან და სხვა ვარსკვლავებთან დაკონტრაქტდა.

დღემდე “ვერსაჩე” ქმნის ისეთ სამოსს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს, რომელიც განიხილება, როგორც განსაკუთრებულად მოდური და თან აბსტრაქტული. სწორედ ამით იხსნება ის ფაქტი, რომ მრავალი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი ირჩევს „ვერსაჩეს“. ხშირად ამბობენ, რომ ვისაც გავლენის მოხდენა სურს, წითელ ხალიჩაზე სწორედ „ვერსაჩეს“ სამოსით უნდა წარსდგეს.

Forbes-ის შეფასებით, ბრენდ “ვერსაჩეს” წმინდა აქტივებმა 2022 წელს 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ირკვევა ისიც, რომ ბრენდის წლიური საშუალო შემოსავალი 30 მილიონი დოლარია.