მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერველევი-ბაზარზე მურაბების მწარმოებელი ახალი კომპანია გამოჩნდა

5d9600ea9ea4a
ლიკა გურაბანიძე
06.10.19 20:00
3089
მომდევნო კვირიდან ბაზარზე მურაბების ახალი მწარმოებელი კომპანია „ვერველევი“ გამოჩნდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, მაკა მეტრეველმა BM.GE-ს განუცხადა, ის თავდაპირველად  დაახლოებით 2 500 ქილა მურაბას გამოუშვებს. მურაბები ამ ეტაპზე მხოლოდ აბაშიძის ქუჩაზე „ლიკას საკონდიტროში“ გაიყიდება, თუმცა სამომავლოდ მაკა მეტრეველი პროდუქტის ტურისტულად აქტიურ ზონებში შეტანასაც გეგმავს. რაც შეეხება მურაბების საფასო პოლიტიკას, მისი გასაყიდი ფასი 7 ლარიდან 15 ლარამდე იქნება.

„გვაქვს როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული მურაბები. ჯამში 20-22 სახეობა, მათ შორის: ატამი წიწაკით, ასევე არის ჟოლო ვარდით და ყურძენი ნიგვზით. ყველაფერს სახლში დიასახლისების მიერ მომზადებული მურაბების გემო აქვს. ზამთრის სეზონზე ლიმონის ჯინჯერით გაკეთებას ვაპირებ და ხარისხიანი ქართული კომშით მომხმარებელს კომშის მურაბასაც შევთავაზებ.

მურაბების ფასს ქილების ზომის და მასში განთავსებული შემადგენლობის მიხედვით განვსაზღვრავ“- აღნიშნა მაკა მეტრეველმა.  

„ვერველევის“ დამფუძნებლის განმარტებითვე, მისი ბიზნესმოდელი პროდუქციის რაოდენობის ზრდაზე ორიენტირებული არ არის, ხოლო მურაბები ბაზარზე სეზონის მიხედვით  სხვადასხვა ხილის შემოსვლასთან ერთად გაიყიდება.

ბიზნესში არსებულ სირთულეებზე საუბრისას, მაკა მეტრეველი აღნიშნავს, რომ ბიზნესში ყველაზე რთული მცირე ინვესტიციებით მაქსიმალური შედეგის მიღებაა.

„რთული არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ინვესტიციით მაქსიმუმი მიიღო ისე, რომ ხარისხი მაღალი იყოს. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებ ჩემით - ხილის ყიდვიდან დაწყებული, დამზადებით გაგრძელებული და ეტიკეტირებით დამთავრებული“ - განმარტა მეტრეველმა.